ფილისტიმელები



ფილისტიმელები( פְּלִשְׁתִּים) - ეგეოსური წარმოშობის ხალხი, რომელიც პალესტინის ტერიტორიაზე სახლობდნენ. სიტყვა “ფილისტიმელი” ანუ “ფელესეტი” პირველად ეგვიპტურ დოკუმენტებში გვხვდება, როგორც “ზღვის ხალხების” ერთ-ერთი დასახელება. ზღვის ხალხების ერთ-ერთმა ტომმა, ფელესეტებმა ანუ ფილისტიმელებმა ქანაანის ოთხი ქალაქი: ასკალონი (აშკალონი), აშდოდი, გათი და ღაზა დაიპყრეს და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე დასახლდნენ. აქ დაარსეს მათ ქალაქი ყეკრონიც. ფილისტიმელების დასახლებამ ამ ტერიტორიაზე დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და დიდი კვალი დაამჩნია პალესტინის ხალხების ისტორიას. ძველი ბერძნები ფილისტიმელებით დასახლებულ მიწას ფილისტიას ეძახდნენ, სწორედ ამ სიტყვიდან გაჩნდა ქანაანის სახელწოდება, პალესტინა.

ფილისტიმელების სახელი მჭიდროდ უკავშირდება ბიბლიას და ძველი აღთქმა უამრავ ინფორმაციას შეიცავს მათ შესახებ. ბიბლიის ერთ-ერთი ნაწილის, მსაჯულთა წიგნის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ჩანს, რომ იმ პერიოდში ებრაელებს ყველაზე დიდი მტერი სწორედ ფილისტიმელები ყავდათ. ბიბლიური ვერსია, თითქოს ფილისტიმელები კრეტიდან ანუ კაფტორიდან მოვიდნენ არ მტკიცდება, რადგან ამის არქეოლოგიური დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.
ეგვიპტური ისტორიული წყაროების მიხედვით ფილისტიმელებმა მონაწილეობა მიიღეს ზღვის ხალხების მეორე ტალღის ლაშქრობაში, რომელიც მიმართული იყო ხეთების იმპერიისკენ და საერთოდ მცირე აზიისკენ. ზღვის ხალხებმა ილაშქრეს სირიაში, მცირე აზიაში, დასცეს ხეთების იმპერია, დაიკავეს ქარხემიში, კუნძული
                                                              რამზეს III

კვიპროსი და შემდეგ ეგვიპტეს შეუტიეს, ფარაონ მერნეპტახის(ძვ.წ 1224-1214 წ) მმართველობის პერიოდში. ეგვიპტეზე შეტევა რამზეს III-ს მმართველობამდე გრძელდებოდა, რომელმაც სასტიკად დაამარცხა ზღვის ხალხები და განდევნა ეგვიპტის ტერიტორიიდან. რამზეს III-ის ტაძრის რელიეფებზე გამოსახულ ფილისტიმელებს ეგეოსური ტიპის სამოსი და შეიარაღება აქვთ, ხოლო თავზე ფრთებიანი მუზარადები ახურავთ. ფილისტიმელების ხომალდები იმ პერიოდის სხვა ხალხების გემებისგან მკვეთრად განსხვავდებოდა და უცნაური ფორმა ჰქონდა. ფილისტიმელებს ჰქონდათ დამახასიათებელი კერამიკული ნაწარმი, რომლის ნაშთებს დღეს არქეოლოგები პოულობენ პალესტინის სხვადასხვა ადგილას, ფილისტიმელები ცნობილები იყვნენ თიხის სარკოფაგების დამზადებითაც.
ფილისტიმელები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და სამი მთავარი ღვთაება: ბაალი, დაგონი და ასტარტე ჰყავდათ. ამის შესახებ ბიბლიაც და ისტორიული დოკუმენტებიც საკმაოდ ინფორმაციას იძლევა.
                              დავითი აღმართავს გოლიათის მოჭრილ თავს
                                                    (გუსტავ დორეს ნახატი)

ფილისტიმელებს ერთიანი სახელმწიფო ჰქონდათ, ხუთი მთავარი ქალაქის: ასკალონის, ღაზას, აშდოდის, გათის და ყეკრონის კავშირი. სახელმწიფოს ჰყავდა ხუთი ქალაქის საბჭო, რომლის წევრებსაც სრანიმ ანუ ლიდერები ეწოდებოდათ. უფრო გვიან ფილისტიმელების სათავეში მეფეები იდგნენ. ხუთი ქალაქის კავშირს ძალიან ძლიერი არმიის გამოყვანა შეეძლო, რომელიც შედგებოდა მძიმედ აღჭურვილი და მსუბუქი ქვეითებისგან, მშვილდოსნებისგან და საბრძოლო ეტლებისგან. ამას გარდა ფილისტიმელების ჯარში დაქირავებული მეომრებიც მსახურობდნენ.
ფილისტიმელები მეომარი ხალხი იყო და მუდამ ებრძოდნენ მეზობლებს, განსაკუთრებით კი ებრაელებს, რომლებსაც იმ პერიოდში მსაჯულები მართავდნენ. მსაჯულები ხშირად ახერხებდნენ მათ განდევნას მაგრამ ხშირად ფილისტიმელები ამარცხებდნენ ებრაელებს. ერთ-ერთ ბრძოლაში კი ბიბლიური სიწმინდის, აღთქმის კიდობანი ჩაიგდეს ხელთ (კიდობანმა მათ უბედურება მოუტანა და ისევ ებრაელებს დაუბრუნეს).
                               გილბოას ბრძოლა(ნიკოლა ფუკეს ნახატი)                                           
საულის მეფობის დროს ებრაელებმა შეძლეს ფილისტიმელებისგან წართმეული ზოგიერთი ტერიტორიის უკან დაბრუნება. ფილისტიმელებთან ბრძოლაში განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა საულის ვაჟმა, იონათანმა.
საბოლოოდ მეფე საული და მისი ვაჟები გილბოას მთაზე ბრძოლაში (გილბოაყის მთაზე) სასტიკად დამარცხდნენ და შეეწირნენ კიდეც ამ შეტაკებას. ფილისტიმელების ამ დიდებული გამარჯვების შემდეგ ებრაელებმა კვლავ დაკარგეს ზოგიერთ ტერიტორიაზე კონტროლი.
მეფე დავითმა, რომელიც საულის შემდეგ გამეფდა მთელ ისრაელზე დაამარცხა ფილისტიმელები, დაიბრუნა ყველა ტერიტორია და ქალაქი გათი თავის ვასალად აქცია. ამ დროიდან ფილისტიმელთა ერთიანი სახელმწიფოს ისტორია შეწყდა და ცალკეული ქალაქების ისტორია დაიწყო. დავითის მიერ ფილისტიმელების შესუსტებით ისარგებლეს ფინიკიელებმა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე თავიანთი კონტროლი აღადგინეს. ფილისტიმელთა დარჩენილი ქალაქები უკვე ცალკეულად აგრძელებდნენ არსებობას, ისინი ნელ-ნელა ასიმილირდნენ ქანანელებთან, რასაც ამტკიცებს ქალაქის მმართველთა სემიტური სახელები.
ფილისტიმელების დამარცხების შემდეგ მეფე დავითის ჯარში გაჩნდა ფილისტიმელთა რაზმები, რომლებიც მეფის გვარდიას შეადგენდნენ. ეს ჯარის შენაერთი უმეტეს შემთხვევაში იერუსალიმში იყო განლაგებული. გვარდიის სარდალი, ბენაია იეჰოიდაყის ძე მეფე დავითის ადმინისტრაციაშიც კი შედიოდა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით დავითის ერთ-ერთი მხედართმთავარი იტაი გათი იყო, ფილისტიმელი ქალაქ გათიდან.
                                     ფილისტიმელთა ღვთაება დაგონი

 ქალაქი გათი ისრაელის სამეფოს ვასალი იყო სოლომონ ბრძენის მმართველობის პერიოდშიც და მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოახერხეს განთავისუფლება, თუმცა ახლა ეგვიპტის გავლენაში მოექცნენ. ეგვიპტის ფარაონმა შეშონქ I-მა დაახლ. ძვ.წ 917 წელს ილაშქრა პალესტინაში და ერეც-ისრაელში, ანუ იმ მიწებზე სადაც გათი მდებარეობდა. ფარაონმა დაიპყრო ფილისტიმელების ქალაქი ღაზაც. თავდაპირველად ფილისტიმელთა ქალაქები ხარკს უხდიდნენ იუდეის მეფეს, იოსაფატს, შემდეგ კი იორამის მმართველობისას აჯანყდნენ, შეიჭრნენ იუდეაში და იერუსალიმიც კი გაძარცვეს. ძვ.წ 815 წელს არამელები შეიჭრნენ პალესტინაში და მეფე აზაილმა(ხაზაელმა) დაიკავა ფილისტიმელთა ქალაქი გათი.
სირიული წყაროების მიხედვით იუდეის მეფე უზიამ დაიპყრო ზოგიერთი ფილისტიმელური ქალაქი და მათი გალავნები დაანგრია. ეს არქეოლოგებმაც დაამტკიცეს, როდესაც ქალაქი აშდოდი გამოიკვლიეს. ამ დროისათვის გათი ძალიან დასუსტებული იყო და აშდოდს ემორჩილებოდა.
          ფილისტიმელის გამოსახულება ეგვიპტურ რელიეფზე

მეფე ახაზის მმართველობისას ფილისტიმელებმა მოახერხეს იუდეაში შეჭრა და რამდენიმე ქალაქის დაპყრობა. ძვ.წ 734 წელს ასურეთის მეფე თიგლათ-ფალასარ III-მ ილაშქრა ფილისტიმელთა მიწებზე და დაიპყრო მათი ქალაქები, ასკალონი მეფე მითინთი და ღაზის მეფე ხანუნი მისი ვასალები გახდნენ. ასურეთის მეფე სარგონ II კვლავ შეიჭრა ფილისტიმელთა მიწებზე და ქალაქი ღაზა გაანადგურა, რადგან მეფე ხანუნმა ასურეთს უღალატა. სარგონ II ღაზიდან ისრაელში შეიჭრა და ისრაელის დასუსტებული სახელმწიფო საბოლოოდ გაანადგურა. ასურელებმა დასაჯეს აშდოდის მეფე აზური და მის მაგივრად აშოდოდში მეფედ მისი ძმა დანიშნეს. ფილისტიმელებმა მეზობელ ხალხებთან ერთად მოახერხეს ასურეთის წინააღმდეგ კოალიციის შეკრება, მაგრამ სასტიკად დამარცხდნენ. ფილისტიმელთა ქალაქი ყეკრონი ასურელებმა აიღეს და გაანადგურეს, ასევე აიღეს აშდოდი და გათი. აშდოდი ასურეთის პროვინციად გამოცხადდა. ბიბლიის მიხედვით(II მეფეთა) იუდეის მეფე ხიზკია ფილისტიმელთა ტერიტორიაზე შეიჭრა და რამდენიმე ქალაქი დალაშქრა. ძვ.წ 701 წელს ასურეთის მეფე სინაქერიბმა დაიპყრო ასკალონი, იაფა, ბეთ-დაგონი და აზორი, ხოლო აშდოდის, ყეკრონის და ღაზის მეფეები არ დაუსჯია.  
                      გედეონი ებრძვის ფილისტიმელებს(გუსტავ დორე)

სინაქერიბის მმართველობის ბოლო წლებში ფილისტიმელთა მიწები ბუფერულ ზონას წარმოადგენდნენ ეგვიპტესა და ასურეთს შორის. ასურეთის მეფეების ასსარგადონისა და აშურბანიფალის მმართველობის დროინდელ წყაროებში ფილისტიმელთა ყველა ქალაქი ასურეთის ვასალად მოიხსენიება. ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ ფილისტიმელთა ტერიტორია ეგვიპტის გავლენას განიცდიდა. ფილისტიმელთა მიწების ნაწილს იუდეა დაეუფლა. ძვ.წ 608-609 წლებში ფარაონმა ნეხო II-მ დაიკავა ქალაქი ღაზა. ფილისტიმელები ეხმარებოდნენ ეგვიპტელებს ბაბილონის წინააღმდეგ ბრძოლაში. ძვ.წ 604 წელს ბაბილონის მეფემ, ნაბუქოდონოსორმა მთლიანად მოსპო ფილისტიმელები და დაიკავა მათი ქალაქები.

ნიკა ხოფერია
სტატია წიგნიდან "ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია"