აქემენიდური სპარსეთის არმია


სპარსეთის სახელმწიფო სისტემა შუა საუკუნოვანი ფეოდალიზმის მსგავსი იყო: დიდებულები(აზატა), გლეხები(ბანდაკა) და მონები(მარიკა). სპარსეთში სამხედრო სამსახური სავალდებულო იყო ყველასათვის, გლეხისათვისაც და დიდებულისთვისაც. სამხედრო სამსახურიდან მეომრის დათხოვნა მხოლოდ მეფეს შეეძლო. ხუთ წლამდე სპარსელი ბიჭები მამებს არ ენახვებოდნენ და სახლში ქალებისათვის განკუთვნილ ნაწილში ცხოვრობდნენ, შემდეგ მათ მშვილდისრის ხმარებას და ცხენოსნობას ასწავლიდნენ. ისტორიკოს სტრაბონის მიხედვით სპარსელები არმიაში მსახურს 24 წლის ასაკიდან იწყებდნენ და 4 წელიწადი მსახურობდნენ. ახალბედა ჯარისკაცები 50-კაციან რაზმებში ერთიანდებოდნენ. ყველა რაზმს დიდებულის ვაჟი მეთაურობდა. ქსენოფონტის მონაცემებით სპარსელები სამხედრო სამსახურში 17 წლის ასაკიდან მიდიოდნენ და 10 წელი მსახურობდნენ.

ცხენოსან-მოისარი

სპარსეთის არმია ხაზარაბებად(ხაზარა სპარსულად ნიშნავს ათასს) იყოფოდა. ათასეულს ხაზარაპატიში (ათასისთავი) მეთაურობდა. ათასეული ათ ასეულად (საგაბამ) იყოფოდა. ასეულები იყოფოდნენ დატაბამებად (ათეული). ათასეულის მეთაურს დამხმარეები ჰყავდა, რომლებიც დანაყოფის მართვაში ეხმარებოდნენ. ათი ათასეული(ბაივარაბი) 10000-იან შენაერთად ერთიანდებოდა. როდესაც მეომარი სპარსეთის ცხენოსან ჯარში ირიცხებოდა, ის სახელმწიფოსაგან ღებულობდა ცხენს უკვდავები. სპარსეთის არმიის ყველაზე სახელგანთქმული და მძლავრი შენაერთი უკვდავთა გვარდია იყო. გვარდიამ ეს სახელი იმის გამო მიიღეს, რომ მათი რაოდენობა მუდმივად 10000 იყო(როდესაც ნაწილი დაიხოცებოდა მაშინვე ავსებდნენ, ამიტომ უკვდავების რიცხვი არ იცვლებოდა). 
                                                                           "უკვდავი" 
                                                                                                                                                        
უკვდავები მთელს სპარსეთში საუკეთესო მებრძოლები იყვნენ და კარგად ფლობდნენ ყველანაირ იარაღს. უკვდავები ყოველთვის თან ახლდნენ თავიანთ მეფეს და ბრძოლისას მტრისაგან იცავდნენ. მეფე მათ ყოველთვის არ აბრძოლებდა და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყენებდა.  ლაშქრობის დროს უკვდავების რაზმები მეფის გარშემო, წინ და უკან იდგნენ. ათას ცხენოსანს ათასი ქვეითი მისდევდა, შემდეგ ისევ ცხენოსნები იყვნენ, შემდეგ ქვეითები და ა.შ. უკვდავები მხოლოდ ქვეითები იყვნენ, ცხენოსნები კი სხვადასხვა დანაყოფიდან მეფის დაცვისთვის გამოყოფილი საუკეთესო საკავალერიო ნაწილები. უკვდავთა შუბების მიწაზე დასაბჯენ ბოლოს ვერცხლის ან ოქროს სფერო წარმოადგენდა. პირადად მეფის ეტლს ათასი შუბოსანი უკვდავი იცავდა, რომლებიც უკვდავთა შორის ყველაზე გამოცდილი ჯარისკაცები იყვნენ. მათ ოქროთი მორთული იარაღი და აღჭურვილობა ჰქონდათ. მეფის ეტლის მცველი უკვდავების შუბების მიწაზე დასაბჯენ ბოლოზე დამაგრებული იყო ოქროსგან დამზადებული ვაშლის ფორმის ბირთვი, რის გამოც ამ ჯარისკაცებს "ვაშლოსნებს" ეძახდნენ. 
"ვაშლოსანი"

სწორედ ამ ოქროს "ვაშლით" გამოირჩეოდნენ ისინი სხვა უკვდავებისაგან. ეს სამხედრო შენაერთი მხოლოდ და მხოლოდ სპარსელი დედებულების ვაჟებისაგან შედგებოდა, დანარჩენი უკვდავები კი მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლები არ გახლდნენ. ვაშლოსნების ათასეული ორ ნაწილად იყოფოდა: ერთი ნაწილი მეფის წინ იდგა, მეორე უკან. ქვეითი უკვდავების გარდა არსებობდა კიდევ ერთი ელიტალური შენაერთი, რომელიც 10000 შესანიშნავად აღჭურვილი და გაწვრთნილი მხედრისგან შედგებოდა. ცხენოსნები მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, რადგან სპარსელი დიდებულისთვის ფეხით სიარული და ბრძოლა სირცხვილად ითვლებოდა.
ირანელი მხედარი

სპარბარა -  ძველი აღმოსავლეთის ყველაზე ტრადიციული ტაქტიკა მშვილდოსნების გამოყენება იყო. აღმოსავლეთში მშვილდოსნებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ ვიდრე დასავლეთში, სადაც უფრო ხელჩართული ბრძოლები მიმდინარეობდა. სპარსელი მშვილდოსნები წყვილებად მოქმედებდნენ. ერთს დიდი ფარი ეჭირა, მეორეს კი მშვილდ-ისარი. ფარიანი მეომარი მშვილდიანს იცავდა მტრის ისრებისაგან, დაცული, მეწყვილის ფარს ამოფარებული მშვილდოსანი კი მტერს ისრებს უშენდა. ასეთ ფაროსანმშვილდოსანი წყვილების რაზმებს სპარსელები "სპარბარას" უწოდებდნენ (სპარა ამ მშვილდოსანთა წყვილის დიდ დამცავ ფარს ერქვა). ბრძოლაში სპარბარა შემდეგნაირად მოქმედებდა: წინა რიგის მეომრები ფარებს აფარებდნენ მეორე რიგის მშვილდოსნებს, შემდეგ ისევ ფარიანები მოდიოდნენ, შემდეგ მშვილდოსნები და ა.შ.
სპარბარა

სპარსეთის სამეფოს ოლქებში, ანუ სატრაპიებში შეკრებილ ქვეითებს ტაკაბარა ეწოდებდა. ასევე ამ სახელით მოიხსენიებდნენ თვითონ სპარსელ მსუბუქ ქვეით ჯარისკაცებს. ტაკაბარას მეომარს ჰქონდა მრგვალი ფარი, შუბი და მახვილი. ტაკაბარა სპარსეთის არმიის მთავარი ნაწილი იყო და რიცხოვნობით ყველა სხვა შენაერთს სჯობნიდა. მშვილდოსან-ფაროსნები. მართალია დიდი ფარი სპარა სპარსელ მშვილდოსნებს მტრის ისრებისაგან იცავდა, მაგრამ არ შეეძლო მახვილისთვის და შუბისთვის გაეძლო, ამიტომ სპარსელ მშვილდოსნების რიგებში პოპულარული გახდა ნახევარმთვარისებური ხის და ტყავის ფარი ბრინჯაოს ნაწილებით. ასეთი ფარით შეიძლებოდა ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვა და მტრის დარტყმების მოგერიება. სპარსელები ასეთ ფარს "ტაკას" უწოდებდნენ. ანალოგიურ ფარებს ბერძენი და მაკედონელი პელტასტებიც იყენებდნენ. 
                                                                        საკები

ცხენოსანი-ფაროსნები - დაახლოებით ძვ.წ VI საუკუნიდან სპარსეთის ჯარში გაჩნდა ცხენოსანი-ფაროსნების დანაყოფი. მანამდე სპარსულ კავალერიას ფარები არ ჰქონდა. თავდაპირველად ფაროსან კავალერიას საკები ანუ სკვითები იყენებდნენ, შემდეგ კი სპარსელებმაც დაიწყეს პატარა სპარა ფარების გამოყენება. ამას გარდა სპარსელთა კავალერია მსუბუქ აბჯარსაც იყენებდა.
მძიმედ აღჭურვილი ირანელი მხედარი

მძიმე კავალერია - სპარსელთა მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითებს არ შესწევდათ ძალა დიდხანს გაეძლოთ მტრის მძიმე ქვეითების შეტევისას (მაგალითად ბერძენ-სპარსელთა ომების დროს სპარსელთა მსუბუქი ქვეითი ჯარი ბერძენთა ჰოპლიტებს ვერ უძლებდა). სპარსელებს მძიმე ქვეითები არ ჰყოლიათ და მთელი ქვეითი არმია მსუბუქი მეომრებისაგან შედგებოდა. ამიტომ მტრის მძიმე ქვეითების წინააღმდეგ სპარსელებმა მძიმე კავალერია გამოიყენეს. მძიმე კავალერიასთან ერთად სპარსელებმა დაიწყეს ეტლების გამოყენება, რომლის ბორბლებზე ცელებს ამაგრებდნენ. 
                                                  ირანული საბრძოლო ეტლი

სწორ ველზე მძიმედ შეაბჯრული ცხენოსნები და ცელიანი ეტლები საზარელ ძალას წარმოადგენდა და მტრისათვის დიდი ზიანის მიყენება შეეძლო. სპარსელთა ჯარის განუყრელი ნაწილი იყო ბერძენი მოქირავნეები, რომლებიც დიდ როლს თამაშობდნენ ქვეყნის როგორც შიდა ასევე გარე საქმეებში და დიდი ძალა გაჩნდათ. ბერძენი მოქირავნეები სპარსელ ქვეითებზე ბევრად კარგად იყვნენ შეიარაღებულები და აღჭურვილი. ისინი ტრადიციული ბერძნული სტილით იბრძოდნენ ფალანგაში.

ბრძოლა გრანიკოსთან(ძვ.წ 334 წ.) - კლიტოს შავი ხელს კვეთს სპარსელ სარდალ სპითრიდატეს, რომელიც ალექსანდრე მაკედონელს ესხმის თავს

სპარსეთის არმიაში სხვადასხვა ქვეყნიდან დაქირავებული მეომრების დიდი რაოდენობა იყო. ბერძნების გარდა აქ იყვნენ ბარბაროსული ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც რამდენიმე ანტიკური ისტორიკოსი "კარდაკის" სახელით მოიხსენიებს. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით კარდაკები ელიტალური დანაყოფი იყო და მეფის სასახლეს იცავდა. შეიძლება ეს უბრალოდ მთელი არმიის დასახელებაა, რადგან ისტორიული წყაროების მიხედვით კარდაკი 100000 ქვეითისა და 20000 ცხენოსნისაგან შედგებოდა. ეს რიცხვები რათქმაუნდა გაზვიადებულია, რაც ანტიკური წყაროებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ სხვა შენაერთებთან შედარებით მაინც ერთიორჯერ დიდი რაოდენობაა დასახელებული, სწორედ ამიტომ ვარაუდობენ კარდაკს - როგორც მთელი არმიის და არა ერთი შენაერთის სახელწოდებას.

ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია