„ბრძოლა ბრძოლაში" - შატო უგომონის დაცვა, 1815 წ. 18 ივნისი


ბელგიაში, ვატერლოოსთან მდებარე, მემამულის ერთი, ჩვეულებრივი შატო-ფერმა, რომელსაც უგომონი ეწოდება, 1815 წლის 18 ივნისიდან მსოფლიოში ცნობილი ადგილი გახდა. ეს საკმაოდ მოზრდილი ნაგებობა საკვანძო წერტილად იქცა სერ ართურ უელსლის, ჰერცოგ ველინგტონის ინგლისური არმიის ხელში, დაიცვა მისი მარჯვენა ფლანგი და ფრანგებს თავისუფლად მოქმედების საშუალება აღუკვეთა. ორივე მხარე გააფთრებით იბრძოდა უგომონთან, მრავალი დაეცა ტყვიით, ყუმბარითა თუ ხიშტით მოცელილი, მაგრამ დიდი მსხვერპლის მიუხედავად, შეტაკება ვატერლოოს ბრძოლის დასასრულამდე არ შეწყვეტილა. მთელი დღე გრძელდებოდა ფრანგთა თავზეხელაღებული იერიშები, რასაც მოხერხებულ პოზიციებზე განლაგებული მოწინააღმდეგე საპასუხო დარტყმებით პასუხობდა. „არასდროს შეუტევიათ პოზიციისთვის ასე მძვინვარედ და არც არასდროს დაუცავთ ის ასე კარგად" აღნიშნავდა ჰერცოგი ველინგტონი. 

უგომონთან დაპირისპირებამ ფრანგთა თითქმის მთელი მარცხენა ფლანგი გაანეიტრალა და მთლიანად ჩაითრია ის სამხედრო ნაწილები, რომელთაც ველინგტონის არმიისათვის მომაკვდინებელი დარტყმის მიყენება შეეძლოთ, ამიტომ შეტაკებას უგომონთან ხშირად უწოდებენ `ბრძოლას ბრძოლაში". ცნობილი სამხედრო ისტორიკოსის ჯონ კიგანი მართებულად მიიჩნევს, რომ უგომონის შეტაკების ცალკე ბრძოლად განხილვის შესაძლებლობა გვაქვს. თითქმის მთელი დღის განმავლობაში ამ ადგილებზე ფაქტობრივად ბრძოლისაგან იზოლირებულად მიმდინარეობდა ორი მძლავრი სამხედრო ნაწილის შეტაკება. ეს ყველაფერი თითქმის განყენებული იყო და დანარჩენი სამხედრო მოქმედებებისაგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ინგლისელი გამომცემელი ჯონ მიურეი 1840 წელს წერდა: „შატო უგომონი ან გუმონი უეჭველად ყველაზე საინტერესო წერტილია ვატერლოოს ველზე; არა მხოლოდ მისი მნიშვნელობის გამო ბრძოლის ისტორიაში, არამედ იმიტომ რომ მას კვლავ ატყვია საზარელი ბრძოლის კვალი." დღეს უგომონის ფერმა, რომელსაც ვატერლოოს ბრძოლის 200 წლისთავისათვის შესაბამისი რესტავრაცია ჩაუტარდა ცალკეული დაინტერესებული მკვლევარებისა და ბრძოლის მონაწილეთა შთამომავლების დახმარებით, რომელთაც ორგანიზებულად მოხერხეს საჭირო სახსრების შეკრება, კვლავ დგას ვატერლოოს ველზე და მნახველებს საშუალებას აძლევს ამოიცნონ „საზარელი ბრძოლის კვალი" რომელიც მართლაც მის ყოველ წერტილში იგრძნობა.

ნაპოლეონი დაბრუნდა ელბადან (კარლ სტეუბენის ნახატი, 1818 წ.) 

რა იყო 200 წლის წინ, 1815 წლის ივნისში, ბელგიაში გამართული სამხედრო კამპანიის მიზანი?  მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირება ინგლისსა და საფრანგეთს შორის დასავლეთ ევროპაზე კონტროლისათვის თავის პიკს მიუახლოვდა. საფრანგეთი, კიდევ ერთხელ ნაპოლეონის ძალაუფლების ქვეშ მოქცეული, შეებრძოლა მტრის ორ მრავალრიცხოვან არმიას: ინგლისურ-ჰოლანდიურს ჩრდილოეთ ბელგიაში და პრუსიულს სამხრეთში. მოკავშირეები გეგმავდნენ ძალების გაერთიანებას, საფრანგეთში შეჭრას და ნაპოლეონის საბოლოო განადგურებას, შემდგომ კი ბურბონთა სუსტი, მარიონეტული ხელისუფლების აღგენას. მეორე მხრივ, ნაპოლეონის გეგმა იყო მოკავშირეთა ორი არმიის გაერთიანებისათვის ხელის შეშლა, ცალ-ცალკე განადგურება და მათი იძულებით მშვიდობაზე დათანხმება. ის გაბედულად ამოქმედდა, მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან ბრძოლისათვის შესაბამისი გეგმაც დასახა და გადამწყვეტი წარმატების მიღწევაც შესაძლებელი იქნებოდა რომ არა ზოგიერთი გარემოება და შეცდომა, რასაც საბოლოოდ მარცხი მოჰყვა.  
ლინისთან ბრძოლაში პრუსიელების დამარცხების შემდეგ, ნაპოლეონმა ველინგტონის ჯარისკენ აიღო გეზი, რომელმაც პრუსიელთათვის დახმარების აღმოჩენა ვერ შეძლო. კატრ-ბრასთან ინგლისელების შეტევას მარშალი მიშელ ნეი იგერიებდა სანამ ნაპოლეონი ლინისთან პრუსიელებს ამარცხებდა. ნაპოლეონის გეგმის პირველი ნაწილი ფაქტობრივად წარმატებით შესრულდა, თუმცა გენერალ დრუე დ'ერლონმა, რომელსაც როგორც ნაპოლეონი, ისე მარშალი ნეი უბრძანებდა მისკენ გადმოესროლა ძალები, ვერც ერთი მხარისათვის ვერ შეძლო დახმარების აღმოჩენა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამით დაიკარგა შანსი პრუსიელთა საბოლოოდ განადგურებისა და მათ შემდგომში გადაჯგუფება და ვატერლოოს ბრძოლაში მონაწილეობის მიღება მოახერხეს. ნაპოლეონმა პრუსიელებს მარშალი ემანუელ გრუში დაადევნა, თუმცა გრუშიმ ვერ შეძლო დავალების შესრულება და ვერ აღკვეთა პრუსელების მოსვლა ვატერლოოსთან. 
სერ ართურ უელსლი, ჰერცოგი ველინგტონი (თომას ლოურენსის ნახატი, 1814 წ.)

ამასობაში ჰერცოგი ველინგტონი პოზიციებს ამაგრებდა ვატერლოოსთან. როგორც ის შემდგომში აღნიშნავდა, მან ჯერ კიდევ 1814 წელს მოინახულა ეს ადგილები და მაშინ ბრძოლისათვის საუკეთესო პოზიციად მიიჩნია. ბრიტანელი დარწმუნებული იყო პოზიციების სიმყარეში და მან კიდევ უფრო შეკვეცა საბრძოლო სივრცე. ინგლისელების უპირატესობა იყო ის, რომ ისინი გორაკებზე იყვნენ განლაგებულები და გაშლილ ველზე მოქმედ ფრანგთა ყოველ მოძრაობაზე დროულად ახდენდნენ რეაგირებას. მათ იცოდნენ რომ  პრუსიელები მოვიდოდნენ და ეს დამატებით ფსიქოლოგიურ მუხტსაც აძლევდათ. ველინგტონს უნდა გაეძლო პრუსიელთა მოსვლამდე. მისი მარჯვენა ფრთა უგომონის ფერმასთან იწყებოდა, ცენტრი ლა ჰაი-სენტის ფერმასთან მდებარეობდა, ხოლო მარცხენა ფრთა - დასახლებულ პუნქტ პაპელოტთან. მთლიანობაში ინგლისელთა ფრონტის განფენილობა სამკილომეტრნახევარს არ აღემატებოდა. შესაბამისად ნაპოლეონს საყვარელი მანევრების გასახორციელებლად სივრცე არ ჰყოფნიდა. ის უნდა დაპირისპირებოდა მოწინააღმდეგეს ე.წ. „ძველებური წესით"(Old Way) ანუ ფრონტალური ბრძოლა მიეღო და ემოქმედა XVIII საუკუნის ევროპაში ფაქტობრივად სტანდარტად მიღებული სამხედრო წესებით. ეს დეტალი ბრძოლის შემდეგ ველინგტონმაც აღნიშნა და თქვა: „ისინი მოვიდნენ ძველებური წესით და ჩვენც დავამარცხეთ ისინი ძველებური წესით". მის გეგმაში რასაკვირველია უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა უგომონის ფერმის გამაგრებამ. რომ დახედოთ უგომონის ფერმის ადგილმდებარეობას ვატერლოოს ველზე, ადვილად მიხვდებით რამდენად საიმედო დაცვით პოზიციას წარმოადგენს ის. ვრცელი ტყე-პარკი არტყია ბაღს და განიერი კედლებით დაცულ შენობების კომპლექსს. ცენტრალურ შენობებსაც, რაც შატოს წარმოადგენს, სქელი კედლები აქვს, სადაც საიმედო თავშესაფრის პოვნა შეიძლება. ეზოში დგას მცირე კაპელა და ბეღელი, რომელსაც ბრძოლის დროს ცეცხლი გაუჩნდა და ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. ველინგტონის სამხედრო ნაწილებმა ყველა საკვანძო წერტილი მყარად დაიჭირეს და ფრანგებისაგან თავდასაცავად მოემზადნენ. 

17 ივნისს, დღის მეორე ნახევარში საშინელი ჭექა-ქუხილი დაიწყო. მიწა ისე ატალახდა, რომ მეორე დილით, 18 ივნისს, ყოველგვარი საბრძოლო მოქმედება გადაიდო. კაიუს ფერმაში გამაგრებული ნაპოლეონის გეგმა ასეთი იყო: მთავარი დარტყმა ცენტრში მოინიშნა. მაგრამ, თავისი ჩვეულებისამებრ, მან საომარი მოქმედება ჯერ სხვაგან, კერძოდ, ინგლისელთა მარჯვენა ფლანგზე, უგომონთან დაიწყო. მისი, გეგმით, რეილისა და ჟერომ ბონაპარტის შენაერთებს უნდა აეღოთ ეს სიმაგრე და შემდგომ შეტევა ინგლისელთა ცენტრზე მარცხენა ფლანგიდან განეხორციელებინათ. თუ ისინი აიღებდნენ უგომონს, ველინგტონი იძულებული გახდებოდა უკან დაეხია მარჯვენა ფლანგი, რათა დაეცვა უკან დასახევი გზა სანაპიროსაკენ. პარალელურად, ფრანგები ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე მიიტანდნენ ძლიერ იერიშს და თუ ჟერომ ბონაპარტის ნაწილები მარჯვენა ფლანგზე წარმატებას მიაღწევდნენ, ინგლისელებს რთულ ვითარებაში ჩააგდებდნენ და ველინგტონს გაანადგურებდნენ. 
მეფის გერმანული ლეგიონის (King's German Legion) ჯარისკაცები (XIX ს.)

სავარაუდოდ, ფრანგმა მზვერავებმა თავიდანვე დაადგინეს, რომ დასავლეთიდან უგომონზე შეტევა განსაკუთრებით რთული იყო. ამ მიმართულებას 4 მეტრიანი კედელი იცავდა, რომელშიც პატარა კარი იყო გამოჭრილი. მასთან მიახლოებას აფერხებდა წვიმისაგან ატალახებული მიწაც. ნაპოლეონმა გადაწყვიტა შეეტია სამხრეთიდან უგომონის ტყის გავლით, რაც ასევე საკმაო დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა და მანევრირებისა და მწყობრი მოქმედებისათვის ხელის შემშლელი იყო. ტყეში ფრანგები გერმანელთა და ნასაუელთა ორ მსუბუქ რაზმს წააწყდნენ, თუმცა უფრო მრავალრიცხოვანი ძალები ჰყავდათ და მალე აიძულეს ისინი უკან დაეხიათ. ინგლისურ არმიაში საკმაოდ ბევრი გერმანული შენაერთი იყო, მათ შორის ჰანოვერელები და ნასაუელები, ასევე ე.წ. „მეფის გერმანული ლეგიონი"(King's German Legion). ნასაუელები ყველაზე მრავალრიცხოვნები იყვნენ ბრძოლის დასაწყისამდე განლაგებაში უგომონის ამ ნაწილში, მაგრამ პირველი შეტევის მერე ველინგტონმა აქ ბრიტანული გვარდიის ნაწილებიც გაგზავნა დასახმარებლად. ტყის მიმართულებიდან ფრანგთა შეტევა უგომონიდან საპასუხოდ გახსნილმა ცეცხლმა შეაჩერა. ფრანგები უტევდნენ აღმოსავლეთიდანაც და ტყის გასწვრივ, ველზეც მოიწევდნენ. ველინგტონმა უგომონის ჩრდილოეთ კარიბჭიდან დამხმარე ძალები მიაშველა დამცველებს. ვერც ფრანგულმა არტილერიამ მიაღწია წარმატებას, ის უგომონის დამცველთა ცეცხლქვეშ აღმოჩნდა.

უგომონი (პირდაპირ მოჩანს შატოს ჩრდილოეთ კარიბჭე). ავტორის ფოტო

ინგლისელთა ჰაუბიციდან ნასროლმა შრაპნელმა კი დააზარალა ტყეში განლაგებული ფრანგები და აიძულა უკან დაეხიათ. ფრანგებმა მეტ წარმატებას მიაღწიეს დასავლეთ მიმართულებაზე, გვარდიულ ნაწილებს უკან დაახევინეს. სუ-ლეიტენანტი ლეგრო რომელიც დიდი და ფიზიკურად ძლიერი კაცი იყო, ნაჯახით ხელში შეიჭრა ღიად დატოვებულ ჩრდილოეთ კარიბჭეში. კარი რომ დახურული ყოფილიყო, საეჭვოა ფრანგებს მასში შეეღწიათ, რადგან ის დიდი და ძალზე მძიმე იყო, მისი თითოეული ფრთა წონით 250 კილოგრამს აღემატებოდა, მაგრამ ამ დროისთვის კარი ჯერაც არ იყო დაკეტილი და ის ინგლისელებსაც სჭირდებოდათ დახმარების მისაღებად. უგომონის უზარმაზარი კარიბჭის თანამედროვე ასლი ხელახლა ჩამოკიდეს ბრძოლის 200 წლისთავისათვის, ვატერლოოს ომის მონაწილის შთამომავლის დახმარებით, რომელმაც კარი ბრიტანეთში დაამზადებინა და გამოგზავნა ბელგიაში. ინგლისელებმა ლეიტენანტ-პოლკოვნიკ ჯეიმს მაკდონელის ხელმძღვანელობით ხანმოკლე, სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ მოახერხეს ფრანგთა იერიშის მოგერიება და კარის დაკეტვა. ერთი მებარაბნე ფრანგი ბიჭი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენები ყველანი დახოცეს. ამ მომენტის უაღრესი სიცხარე და სისასტიკე კარგად გადმოსცემს უგომონის ბრძოლის ხასიათს. „უგომონის კარიბჭის დაკეტვა ვატერლოოს ბრძოლის გარდამტეხი მომენტი იყო" - აღნიშნავდა ჰერცოგი ველინგტონი.


უგომონის კარიბჭის დაკეტვა (რობერტ გიბის ნახატი, 1903 წ.) 

ფრანგებმა უფრო მეტ ძალას, დაახლოებით 12500 კაცს მოუყარეს თავი და დაიკავეს ბაღი, ტყე, მაგრამ ვერ ახერხებდნენ ძლიერი პოზიციებიდან მოწინააღმდეგის ამოგდებას. ამას გარდა, ფრანგები არტილერიასაც ვერ იყენებდნენ. ჯონ კიგანი აღნიშნავს, რომ უგომონზე შეტევას განწირული ნაბიჯიც შეგვიძლია ვუწოდოთ, იმდენად სოლიდური და კომპლექსური იყო დაცვითი პოზიცია და გარნიზონი კი ძლიერი, რომ ფაქტობრივად მიუდგომელი ხდებოდა ქვეითი ჯარისათვის, კავალერიისათვის და მძიმე არტილერიასაც კი არ შეეძლო მის აღებაში გადამწყვეტი როლის შესრულება.

უგომონის ბაღის კედლებში ბევრგან გვხვდება ასეთი „ნახვრეტები". მათი ნაწილი ზარბაზნის ყუმბარებისგან დაზიანებულ ადგილებად იყო მიჩნეული, მაგრამ სინამდვილეში ეს გალავნის აშენებისას სპეციალურად გამოჭრილი სარკმლებია, რათა არ შეაკავოს ჰაერის მოძრაობა ხეხილის ბაღის მიმართულებით, ეს მებაღეობაში მიღებული პრაქტიკა ყოფილა (ავტორის ფოტო)

ვატერლოოს ბრძოლაში მნიშვნელოვანი ცვლილება დღის 2 საათიდან მოხდა. პრუსიელებიც გამოჩნდნენ და ნაპოლეონი იძულებული გახდა ორ ფრონტზე ებრძოლა. ნეის საცხენოსნო იერიში ინგლისელთა კარეებზე, მარცხით დასრულდა. საღამოს შვიდ საათზე ნაპოლეონი ფრონტალურ შეტევაზე გადავიდა, რადგან როგორც აღვნიშნეთ, მანევრების განხორციელება შეუძლებელი იყო ასეთი ტიპის ბრძოლისათვის. ნაპოლეონისვე ბრძანებით, ფრანგულმა ჰაუბიცებმა ცეცხლი გაუხსნე უგომონს, რამაც ხანძარი გამოიწვია. უგომონის კაპელასაც ცეცხლი გაუჩნდა, აქ კი ჯარისკაცებს დაჭრილები გადმოჰყავდათ. აქ არის XVI საუკუნის ჯვარცმა, რომელსაც ადგილობრივი ლეგენდა უკავშირდება, თითქოს როდესაც კაპელის კარი დაიწვა და ცეცხლმა შიგნით შეაღწია და ქრისტეს ჯვარცმას მიწვდა, ჩაქრა და აღარ მოსდებია შენობას. 2009 წელს ჯვარცმას რესტავრაცია ჩაუტარდა. 2011 წელს ქურდებმა შეაღწიეს შენობაში და მოიპარეს. 2014 წლის ოქტომბერში კი კერძო გარაჟში აღმოაჩინეს ბრენ ლ'ალეში. ის კვლავ აღადგინეს და კაპელას დაუბრუნეს. ვატერლოოს ბრძოლის 200 წლისთავისათვის. 

უგომონის კაპელა (ავტორის ფოტო)
უგომონის ჯვარცმა (ავტორის ფოტო)

მალე ველინგტონს უკვე შეეძლო დამხმარე ძალების მიშველება მარჯვენა ფლანგისთვის და მეფის გერმანული ლეგიონი, ჰანოვერელები და ბრაუნშვაიგელები გაგზავნა. მათ ფრანგები ბაღიდან და ტყიდანაც განდევნეს. ღამით უგომონი საბოლოოდ დამკვიდრდა ველინგტონის არმიის ხელში. 

ჩანახატი, რომელიც უგომონში დაღუპულთა გვამების კრემაციისათვის მზადებას ასახავს (უილიამ მუდფორდი, 1817 წ.) 

სულ უგომონს მოკავშირეთა 7500-მდე ჯარისკაცი იცავდა და მათ მესამედზე მეტი დაიღუპა ბრძოლაში. ფრანგთა დანაკარგები ამ ბრძოლაში შედარებით მრავალრიცხოვანი იყო, რადგან მათ შესანიშნავად დაცულ პოზიციაზე უწევდათ იერიშის მიტანა მტრის ტყვიებისა და ყუმბარების ცეცხლქვეშ. დაღუპულ ჯარისკაცთა დიდი ნაწილი დაასაფლავეს საერთო სამარხებში უგომონის ფერმის გარშემო და ბრიუსელის მახლობელ სასაფლაოებზე, დიდი ნაწილი დაწვეს.  ორიოდ საფლავი გვხვდება თავად უგომონშიც. ვიქტორ ჰიუგოს რომანში „საბრალონში" აღწერილია თუ როგორ ჩაყარეს სამასამდე დაღუპული ფრანგის გვამი უგომონის ჭაში, მაგრამ რეალურად, ძალზე საეჭვოა უგომონის ერთადერთ წყლით მომმარაგებელ ჭა სამარხად გამოეყენებინათ.


უგომონის შიდა ეზო (ავტორის ფოტო) 

ბრძოლის შემდეგ ჰერცოგმა ველინგტონმა თქვა რომ სხვა ვერც ერთი ჯარი ვერ დაიცავდა უგომონს ინგლისელთა და ამავე დროს მათ შორის საუკეთესოების გარდა. ამით მან პატივი მიაგო როგორც როგორც თავის მეომრებს, ისე მოწინააღმდეგეს, რომელიც მთელი დღის განმავლობაში შეუპოვრად უტევდა მტრის კარგად გამაგრებულ პოზიციებს. ველინგტონის სხვა გამონათქვამები, რომელიც უგომონის ბრძოლას უკავშირდება, დღეს თვითონ უგომონის შატოში და მის ეზოში აღმართულ მემორიალზე გვხვდება. ეს სკულპტურა ბრძოლის 200 წლისთავის აღსანიშნავად დაიდგა და ასახავს უგომონის კარიბჭის დაკეტვის სცენას. ამას გარდა უგომონში კიდევ რამდენიმე მემორიალია. 200 წლისთავისათვის ლუქსემბურგის დიდმა ჰერცოგმა, რომელიც ნასაუს ჰერცოგიც არის, დააფინანსა ნასაუელი ჯარისკაცების მემორიალის აღმართვა. 

Coldstream Guards-ს და ქვეითი გვარდიის (Foot Guards) მემორიალები (ავტორის ფოტოები) 

უგომონის კაპელის გვერდით არის ქვეითი გვარდიის მემორიალიც, რომელიც 1905 წელს ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა მაკარტნი-ფილგეიტმა დაადგმევინა. სამხრეთ კარიბჭის სიახლოვეს გვხვდება ინგლისური სამხედრო ნაწილის Coldstream Guards-ს ორი მემორიალური დაფა, ერთი გაიხსნა ბრძოლის 150-ე წლისთავზე 1965 წელს, მეორე კი 1985 წელს. 1958 წელს გაკეთდა მესამე გვარდიული ქვეითი რაზმის მემორიალური დაფაც. უგომონის შემოგარენში, ბაღში დგას 1913 წელს, ბელგიელი ისტორიკოსის ჰექტორ ფლეიშმანის ინიციატივით აღმართული, საიმპერიო არწივის სკულპტურით დამშვენებული მემორიალი დაღუპული ფრანგი ჯარისკაცებისათვის პატივის მისაგებად. 

ფრანგი ჯარისკაცების მემორიალი (ავტორის ფოტო) 

ამ ადგილიდან უკვე მოჩანს ვატერლოოს ლომის მონუმეტი, რომელზეც 1820-1826 წლებში მუშაობდნენ ნიდერლანდების მეფის ვილჰელმ I-ს ბრძანებით. ეს არის ხელოვნურად შექმნილ გორაკზე  აგებულ პიდესტალზე აღმართული ლომის ქანდაკება. ის ითვლება არა მხოლოდ ვატერლოოს, არამედ რამდენიმე დღით ადრე გამრთულ კატრ-ბრას ბრძოლის მემორიალადაც. ვატერლოოს ლომის აღმართვა გადაწყდა იმ ადგილზე, სადაც ფრანგებმა უილიამ II, პრინცი ორანელი დაჭრეს. 
ვატერლოოს ლომის მონუმენტი, ხედი უგომონის ბაღიდან (ავტორის ფოტო)

მკვლევარები, რომელთაც ვატერლოოს ველი და მისი მონუმენტები აღადგინეს ბრძოლის 200 წლისთავისათვის, თვლიან რომ ხელოვნური გორაკის აღმართვით და მისთვის მიწის ადგილიდანვე ამოღებით, პირველადი სახე დაიკარგა. მიუხედავად ამისა, ლომის მონუმენტის გარეშე ამ ადგილის წარმოდგენა უკვე შეუძლებელია, ის ვატერლოოს ველის ნაწილად იქცა და მოსულ მნახველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ის იქცა სისხლისმღვრელი ბრძოლის სიმბოლოდ, რომელშიც უკვდავი დიდება ორივე მხარეს მებრძოლმა მამაცმა მეომრებმა მოიპოვეს. 

ბიბლიოგრაფია
  1. John Keegan, The Face of Battle (New York: Viking Press, 1976)
  2. Alasdair White, The Road to Waterloo: A concise history of the 1815 campaign (Hoeilaart: White & MacLean Publishing, 2014)
  3. Gregory Fremont-Barnes; Todd Fisher, The Napoleonic Wars : the rise and fall of an empire (Oxford : Osprey, 2004)
  4. Nicolas St.Cyr, Hougomont, booklet, Tempora SA, Hougomont Project.
ნიკა ხოფერია