ბრძოლა კატალაუნის ველზე (20 ივნისი, 451 წ.)

„ატილას უკანდახევა რაინის გავლით წარმოადგენდა უკანასკნელ
 გამარჯვებას, რომელსაც დასავლეთ რომის იმპერიამ მიაღწია".
ედვარდ გიბონი

კატალაუნის ველზე ბრძოლა რომის იმპერიის უკანასკნელი დიდი ბრძოლა იყო. მასში გამოვლინდა იმპერიის სისუსტეები, ეკონომიკური კრიზისი, სამოქალაქო ომების შედეგები. ამას დაერთო დიდი დამპყრობლის, ატილა შემოსევები. მომთაბარე ჰუნები მისი მეთაურობით მთელ აღმოსავლეთ ევროპას, ბალკანეთს და შემდეგ დასავლეთ რომის იმპერიას დაესხნენ თავს. ატილამ დიდი სახელმწიფო ჩამოაყალიბა და გეგმავდა დასავლეთ იმპერიის დაპყრობასაც. აეციუსისა და მისი მოკავშირეების ჯარების განადგურება ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მთავარი დაბრკოლება იყო. ამ გამარჯვებით ის განამტკიცებდა მდგომარეობას და დასავლეთ ევროპას ადვილად დაიმორჩილებდა, მაგრამ ფლავიუს აეციუსმა, თავისი დროის გამორჩეულმა სტრატეგოსმა და დიპლომატმა, კატალაუნის ველზე ბრძოლაში მოახერხა ატილას შეჩერება და ამით მისი დასავლური იერიშები ძალიან დაასუსტა. მიუხედავად ამისა, ატილამ ერთი წლის შემდეგ ილაშქრა იტალიაში, თუმცა რომაელებმა მოახერხეს მისი თავიდან არიდება. იმპერიის აღსასრული ახლოს იყო, მაგრამ აეციუსმა ეს კიდევ რამდენიმე ათწლეულით გადაავადა. შემდგომმა თაობებმა მას „უკანასკნელი რომაელი" უწოდეს.

მოწინააღმდეგე მხარეები

რომაელები და მათი მოკავშირეები

რომის იმპერია ახ. წ. V საუკუნეში აღარ გახლდათ ის სახელმწიფო, რომელიც ტრაიანეს, ადრიანესა და მარკუს ავრელიუსის დროს იყო. ბარბაროსთა გაუთავებელმა შემოსევებმა, ხალხთა დიდმა გადასახლებამ, ქვეყნის შიდა კრიზისმა, სხვადასხვა პროვინციის სამხედრო მეთაურთა ბრძოლამ იმპერატორობისთვის დაასუსტა და ბოლო მოუღო იმპერიის ძლიერებას. იმპერატორმა დიოკლეტიანემ (244-311) III საუკუნეში ქვეყნის ორად გაყოფით სცადა უზარმაზარი იმპერიის მართვა. კონსტანტინე დიდმა (306-337) სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ კვლავ გააერთიანა სახელმწიფო, შემდეგ კი ქრისტიანობის თავისუფლება ცნო. 380 წელს იმპერატორმა თეოდოსიუს დიდმა (347-395), ქვეყნის ახალმა გამაერთიანებელმა, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სიკვდილის შემდეგ კი თავის ვაჟებს, არკადიუსსა და ჰონორიუსს გაუნაწილა. პირველს აღმოსავლეთი კონსტანტინოპოლით, მეორეს – დასავლეთი რომით. 410 წელს რომი ვესტგოთებმა აიღეს მეფე ალარიხის (370-410) მეთაურობით. მას შემდეგ ბარბაროსებმა უფრო აქტიურად დალაშქრეს დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორია და თავიანთი სამეფოები დააარსეს. განსაკუთრებით საშიშნი ვანდალები და ვესტგოთები იყვნენ, ხოლო მათ შემდეგ ევროპაში მონღოლოიდი ჰუნთა ურდოები შემოიჭრნენ, რომისა და ყველა ბარბაროსული ტომის ყველაზე მძლავრი მოწინააღმდეგეები.
ვალენტინიანე III-ს ოქროს მონეტა
გალა პლაციდიას მონეტა

 რომის იმპერიაში 425 წლის 23 ოქტომბერს ვალენტინიანე III გამეფდა (425-455), სუსტი და უნიჭო მმართველი, ამიტომ იმპერიას დედამისი გალა პლაციდია მართავდა. რომს ძალიან ავიწროებდნენ ვესტგოთები, რომელთაც დაიკავეს აქვიტანია და აიძულეს რომაელები, ეცნოთ მათი ძალაუფლება ამ მხარეში. ვანდალები, ალანები და სვებები შეიჭრნენ ესპანეთში, იქიდან კი აფრიკაში (ვანდალები და ალანები) და გამოდევნეს რომაელი მმართველი ბონიფაციუსი (გარდ. 432 წ.). რომმა დაკარგა კონტროლი იმპერიის დიდ ნაწილზე. მისი გავლენა მხოლოდ იტალიის ჩრდილოეთით, ვიწრო ზოლზე, გალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილსა და იტალიაში ვრცელდებოდა. ამ დროს იმპერიას მოევლინა მხსნელი, ფლავიუს აეციუსი, რომლის აქტიურმა მოქმედებამ რომი იხსნა და რამდენიმე ათწლეულით გადაავადა მისი დაცემა.
ფლავიუს აეციუსი (დაახლ. 390-454 წწ.) – დასავლეთ რომის იმპერიის მხედართმთავარი და სამგზის კონსული (432, 437 და 446 წლებში), „უკანასკნელ რომაელად" წოდებული. გოთი ისტორიკოსი იორდანე მასზე წერს: „სამხედრო საქმის შესანიშნავი მცოდნე, ის რომის იმპერიისთვის დაიბადა". აეციუსი რომის კავალერიის გერმანელი მაგისტრის გაუდენციუსის ვაჟი იყო. თავდაპირველად იმპერატორ ჰონორიუსის მცველებში მსახურობდა. 408 წელს სტილიხონის (358-408) მოკვლის შემდეგ რომაელებს ვესტგოთებმა შეუტიეს ალარიხის მეთაურობით და აიძულეს ხარკი და მძევლები გადაეცათ. აეციუსი ვესტგოთებისთვის გადაცემულ მძევლებში მოხვდა, შემდეგ კი ჰუნებთან. ტყვეობაში სულ 3 წელიწადი გაატარა და ამ დროს გაიცნო თავისი მომავალი მოწინააღმდეგე, ატილა, ძე მუნძუკისა. ამას გარდა ჰქონდა შესაძლებლობა, კარგად გაცნობოდა ჰუნებს, შეესწავლა მათი სამხედრო ორგანიზაცია და ომის წარმოების მეთოდები. სიდონიუს აპოლინარიუსი „პანეგერიკში იმპერატორ ავიტუსის მიმართ" წერდა, რომ აეციუსი გამოცდილი იყო „სკვითთა"[ჰუნთა] ომებში.
დიპტიქი სტილიხონის, მისი მეუღლე სერენასა და ვაჟის ეუხერიუსის გამოსახულებით (დაახლ. 395)

 გალო-რომაელი ისტორიკოსი გრეგორი ტურელი „ფრანკთა ისტორიაში" მას ასე მოიხსენიებს: „ის საშუალო სიმაღლის იყო, მაგარი, კარგი აღნაგობის, ენერგიული, ძალ-ღონით სავსე, თავზეხელაღებული მხედარი, დახელოვნებული მოისარი და შუბოსანი. ადვილად ახერხებდა მტრებთან მშვიდობის დამყარებას, რადგან ფლობდა დიპლომატიის ხელოვნებას. მასში არ იყო არც ერთი წვეთი სიხარბის. იყო კეთილი და დიდსულოვანი. სიძნელეებს მამაცურად ხვდებოდა, იყო შრომისმოყვარე, არ ეშინოდა საფრთხის და ადვილად იტანდა შიმშილს, წყურვილს და უძილობას". აეციუსმა იმსახურა უზურპატორ ფლავიუს იოანეს (423-425) კარზე, შემდეგ კი ვალენტინიანე III-ს მმართველობისას გალიის ჯარების სარდლად დაინიშნა. მან რამდენჯერმე დაამარცხა ფრანკები, ვესტგოთები, შემდეგ ბრძოლა მოუხდა ფლავიუს ფელიქსთან (გარდ. 430 წ.), ამ თანამდებობის უწინდელ მპყრობელთან. აეციუსმა გაიმარჯვა, შემდეგ კი მეორე გავლენიან რომაელ სარდალთან, ბონიფაციუსთან (გარდ. 432) დამარცხდა და იძულებული გახდა თავის მეგობართან, ჰუნების მეფე რუგილასთან გაქცეულიყო. ბონიფაციუსი აეციუსთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. აეციუსი ჰუნების დახმარებით კვლავ დაბრუნდა და იმპერიის მთავარსარდლის (Magister Militum) თანამდებობაც დაიკავა. ამის შემდეგ იგი აგრძელებდა ვანდალებთან, ბურგუნდებთან და სხვა ბარბაროსებთან ბრძოლას იმპერიის დასაცავად. 451 წელს მას ბრძოლა მოუწია ყველაზე მრისხანე მოწინააღმდეგესთან, ვისაც კი ოდესმე შეხვედრია, ატილა ჰუნთა მეფესთან, თუმცა გამოიყენა თავისი დიპლომატიური გამჭრიახობა და ომში ჩაითრია ვესტგოთების მეფე თეოდორიხ I-ის მეთაურობით, ალანები, ბურგუნდები და ფრანკები, რომელთაც თავიანთი ანგარიშები ჰქონდათ ატილასთან, განსაკუთრებით ბურგუნდებს, რომელთა ტერიტორია ჰუნებმა 437 წლისთვის გადაწვეს და სასტიკად ააოხრეს. 451 წელს კატალაუნის ველზე რომთან ერთად დასავლეთ ევროპაში მოსახლე გერმანულმა ტომებმაც გაიმარჯვეს აღმოსავლეთიდან მოსულ ძალებზე,
გვიანდელი იმპერიის რომაელი ჯარისკაცები (ჯონი შუმატე, 2012)
ფრანკი ქვეითები (V ს.)

ახ. წ-ის III საუკუნეში დიოკლეტიანეს რეფორმების შედეგად რომაული არმია შეიცვალა და თითქმის აღარაფერი შერჩა კეისრის, ავგუსტუსისა და ტრაიანეს ლეგიონებისა. ბარბაროსების შემოსევებისა და შინაომებისგან დასუსტებულ იმპერიას თავდაცვითი ჯარები სჭირდებოდა. შეიქმნა სასაზღვრო (Limitanei) და შინაგანი სამსახურის ძალები (Comitatenses), ასევე პრეტორიანელები ჩაანაცვლა სასახლის დაცვამ (ქვეითები – Palatini, მხედრები – Scholae Palatini). ლიმიტანებში ძირითადად ძველი ლეგიონერები და პროვინციული დამხმარე რაზმები შედიოდნენ. ლაშქრობებში, როგორც წესი, ისინი არ მონაწილეობდნენ. კომიტატთა ლეგიონი საგრძნობლად მცირერიცხოვანი იყო ადრინდელ ლეგიონთან შედარებით და სულ 1000-1200 კაცს შეადგენდა. არმიის უდიდეს ნაწილს ქვეითები შეადგენდნენ. შეიქმნა ახალი დამხმარე რაზმები – Auxilia, რომლებშიც 500 მეომარი შედიოდა. რომაულ ჯარებში ყველაზე დიდი რაოდენობით გერმანელი ბარბაროსები მსახურობდნენ (Foederati). ისინი არ იყვნენ მძიმედ შეიარაღებულები, მაგრამ მძიმედ აღჭურვილი ლეგიონერებისგან განსხვავებით, შეეძლოთ როგორც მწყობრში ბრძოლა, ასევე მსუბუქი ქვეითების ფუნქციის შესრულება. V საუკუნეში ეს განსხვავება თითქმის გაქრა. ლეგიონებიცა და დამხმარე ბარბაროსთა ნაწილებიც ერთგვარად იყვნენ შეიარაღებულნი და ერთ როლს ასრულებდნენ. ასევე არსებობდა მსუბუქი ქვეითი ჯარი: საგიტარები (მშვილდოსნები), ექსკულკატორები (ხელშუბის მტყორცნელები), ფუნდიტორები (მეშურდულეები) და ბალისტარები (ძირითადად არბალეტოსნები). გვიანდელი იმპერიის პერიოდში არბალეტი გამოიყენებოდა როგორც ბარბაროსებს, ასევე რომაელებს შორის. ამავე ეპოქაში ცხენოსან ჯარს მეტი მნიშვნელობა გაუჩნდა, ვიდრე ეს მანამდე იყო. რომაული კავალერია ძირითადად სარმატების, ჰუნების, გერმანელებისა და ალანებისგან შედგებოდა, რომელთაც რომი სიცოცხლეში არ ენახათ. ისინი მხოლოდ სამხედრო ნადავლისა და ჯამაგირისთვის მსახურობდნენ. მხედრობა ჯარის ელიტარულ ნაწილს წარმოადგენდა და კარგი შეიარაღება ჰქონდა.
ვესტგოთი ცხენოსანი და ქვეითი მოისარი
V საუკუნის რომაელ სარდალთა გვარდიაში ხშირად შედიოდა ე. წ. Bucellarii – ძირითადად ჰუნი მხედრებისგან შემდგარი კავალერიის რაზმეული. იორდანეს მიხედვით: „რომაელთა მხრიდან დიდი ყურადღება გამოიჩინა პატრიციუსმა აეციუსმა, რომელსაც ევალებოდა იმპერიის ჰესპერიულ ნაწილზე (დასავლეთ იმპერია) ზრუნვა; მან ყველა მხრიდან შეკრიბა ჯარები, რათა თანასწორად ეომა ურიცხვი, ველური ბრბოს წინააღმდეგ. მას ჰყავდა ასეთი დამხმარე რაზმები: ფრანკები, სარმატები, არმორიკელები, ლიტიციანები, ბურგუნდიონები, საქსონები, რიპარიოლები, ბრიონები – ყოფილი რომაელი ჯარისკაცები, ახლა უკვე დამხმარე ჯარის რიცხვში მყოფნი, და კიდევ სხვები, როგორც კელტიკიდან, ისე გერმანიიდან".
ვესტგოთთა ჯარი შეიარაღებითა და ბრძოლისუნარიანობით განსაკუთრებულად არ განსხვავდებოდა სხვა გერმანული ტომებისა და რომის სამსახურში მყოფი ფედერატებისგან. მეფე თეოდორიხის არმია წარმოადგენდა ქვეითთა კარგად შეიარაღებულ რაზმებს და ცხენოსანთა ნაწილებს. ასევე მათ ჰყავდათ მშვილდოსნებიც, თუმცა ძირითად როლს მაინც გერმანელ ქვეითთა მასები თამაშობდნენ, დიდი ფარებით, ცულებითა და მახვილებით. ისინი ფარების კედელს ქმიდნენ თავდაცვითი ბრძოლისას.
„ჯარში კარგი განწყობა სუფევს, დახმარება აუცილებლად მოვა, თანამეგობრობა შედგა, ყველაფერი ეს კარგად ჩანს". ვესტგოთებს მეფე თეოდორიხი მეთაურობდა, ფრთხილი, ჭკვიანი და გამოცდილი მებრძოლი, სავარაუდოდ, იგი ლეგენდარული ალარიხის სიძე იყო. თეოდორიხი V საუკუნის 30-იანი წლებიდან ებრძოდა რომაელებს გალიის ტერიტორიებისთვის. 534-536 წლებში ის ცვალებადი წარმატებით უპირისპირდებოდა რომაელ სარდალ ლიტორიუსს, საბოლოოდ კი მისი დამარცხებაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, მალე მოუწია რომაელებთან ზავის დადება, 451 წლისთვის კი ის საერთოდაც აეციუსის მოკავშირედ მოგვევლინა. თეოდორიხი მეომრის სიკვდილით დაეცა კატალაუნის ველზე, სადაც მასთან ერთად ორი ვაჟიშვილი – თორისმუნდი და თეოდორიხიც იბრძოდნენ.
თეოდორიხის ძე თორისმუნდი და ვესტგოთი მხედრები კატალაუნის ველზე ბრძოლაში

რომაელების მოკავშირე ბურგუნდები (მეფე გუნდიოკი), ფრანკები (მეფე მეროვეხის მეთაურობით) და ალანებიც (მეფე სანგიბანი) მოსულიყვნენ ბრძოლაში. ალანები კარგი მხედრები იყვნენ და ცხენოსან ჰუნებთან დაპირისპირებისთვის მათი გამოყენება შეიძლებოდა. ფრანკების შესახებ აღნიშნავს სიდონიუსი – „წელზე შემორტყმულ ფართო ქამრებზე მძიმე ხმლები აქვთ ჩამოკიდებული, თავიანთ სხეულს დიდი ფარებით იცავენ, და ეს ომისმოყვარე ბარბაროსები ბავშვობიდანვე სწავლობენ სირბილს, ხტუნვას, ცურვას, ხელშუბის მიზანში ტყორცნას, საბრძოლო ცულის ხმარებას". აეციუსის არმიის ზუსტი რაოდენობა დაუდგენელია, თუმცა მოკავშირე ტომებთან ერთად მას იმ დროისთვის საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯარი უნდა შეეგროვებინა, ალბათ მიახლოებით
25-35 ათასი მეომარი.

ჰუნები და მათი მოკავშირეები

მომთაბარე ჰუნები ჩრდილოეთ ჩინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ და დაახლოებით ძვ. წ-ის III საუკუნეში გაერთიანდნენ. ახ. წ-ის IV საუკუნის სამოცდაათიან წლებში ჰუნებმა ალანები დაიპყრეს ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ კი გოთების მეფე ჰერმანრიხის (გარდ. ახ. წ-ის 375) სახელმწიფო დაამხეს, რაც ხალხთა დიდი გადასახლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა. ჰუნებმა დაიპყრეს ოსტგოთთა დიდი ნაწილი (დნეპრისპირეთში) და აიძულეს ვესტგოთები (დნესტრისპირეთში), დაეხიათ თრაკიისკენ, აღმოსავლეთ რომის იმპერიისკენ. დასავლეთ რომის იმპერიასთან ეს მომთაბარე ხალხი V საუკუნის შუა ხანებამდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა და მოკავშირედ ითვლებოდა გერმანულ ტომებთან ომში, სამაგიეროდ ავიწროებდნენ აღმოსავლეთ რომის იმპერიას, რომლის იმპერატორებიც იძულებულები იყვნენ, ჰუნთა მეფე რუგილასთვის ყოველწლიურად 350 ლიტრი ოქრო ეძლიათ. რუგილას სიკვდილის შემდეგ მეფობისთვის ერთმანეთს მისი ძმის, მუნძუკის ვაჟები: ატილა და ბლედა დაუპირისპირდნენ. ატილამ გაიმარჯვა, მოკლა ბლედა და ჰუნთა მმართველი გახდა. უცნობი ავტორის „გალიის ქრონიკაში, 452 წ." წერია, რომ ბლედა რუგილას მემკვიდრე გახლდათ ანუ ატილაზე უფროსი იყო. 435 წელს ჰუნები მეფე რუგილას მეთაურობით დაეხმარნენ აეციუსს და გაანადგურეს ბურგუნდები. იდაციუსის მიხედვით, მათ 20 ათასი ბურგუნდი ამოხოცეს. 441 წელს ბლედამ და ატილამ ერთად ილაშქრეს ილირიკში, აღმოსავლეთ რომის იმპერიაში (პროსპერ აქვიტანელი 444 წლით ათარიღებს ბლედას მკვლელობას, მარცელინუს კომესი 445-ით, „გალური ქრონიკა" – 446-ით, ამიტომ ბლედას მონაწილეობა ამ ლაშქრობაში დასაშვებია).
ატილა
  
(ფრაგმენტი ეჟენ დელაკრუას პანორამიდან ბურბონის სასახლეში, 1843-1847)

 ამ პერიოდში აღმოსავლეთ რომის იმპერია ვანდალებს ებრძოდა და გაუჭირდა ჰუნების წინააღმდეგ მობილიზება. იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ (401-450) ხარკი იკისრა და ზავი დადო მრისხანე მოწინააღმდეგესთან. ატილამ შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დალაშქრა ბიზანტია, დაამარცხა მათი ჯარები და გაძარცვა მისი ქალაქები, შემდეგ კი ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით თავისუფალი ტომების უზარმაზარი ტერიტორიები დაიპყრო. დიდი იმპერიის შექმნის შემდეგ ჰუნთა მეფე დასავლეთ რომის იმპერიის დასაპყრობად დაიძრა. ატილას სათანადო საბაბიც გააჩნდა რომის იმპერიის წინააღმდეგ ლაშქრობისთვის. ერთ-ერთი მიზეზი ვალენტინიანე III-ს და, ჰონორია იყო. ჰონორიას თავისი ძმის ტახტიდან ჩამოგდება ჯერ კიდევ 449 წელს სურდა სასახლის კარისკაცისა და მისი საყვარლის ევგენიოსის დახმარებით, თუმცა შეთქმულება გამჟღავნდა, ევგენიოსი სიკვდილით დასაჯეს, ჰონორია კი რომიდან განდევნეს და ცოლად შერთეს მდიდარ სენატორს ფლავიუს ბასუს ჰერკულანუსს. ჰონორია არ შეეგუა ამ ვითარებას და საჭურისის მეშვეობით ატილას დაუკავშირდა. მან ჰუნების მეფეს ბეჭედი და წერილი გაუგზავნა და ცოლობა შესთავაზა. ატილა დღევანდელი უნგრეთის ტერიტორიიდან დაიძრა გალიაში შესაჭრელად. მის ჯარში შედიოდნენ: ჰუნები, ალანები, ოსტგოთები (მეფე ვალამირი), გეპიდები (მეფე არდარიხი), რუგები, სკირები, გერულები და ტიურინგები. ჰუნთა მეფემ 451 წლის გაზაფხულზევე გადალახა რაინი, აიღო მეცი, კიოლნი, რეიმსი, ტრირი (Gesta Treverorum-ს მიხედვით), ხოლო ლუტეცია (პარიზი) გადარჩა და ჰუნებმა მას გვერდი აუარეს. 451 წლის ივნისში ატილამ ავრელიანს (ორლეანი) მიაღწია. 14 ივნისს აეციუსისა და თეოდორიხის გაერთიანებული ჯარები ქალაქთან გამოჩნდნენ და იხსნეს ჰუნებისგან. ატილამ სენის მარჯვენა ნაპირზე გადაიყვანა ჯარი. ბრძოლაც აქ, დღევანდელ შამპანის ოლქში, კატალაუნის ველზე გაიმართა, 451 წლის 20 ივნისს.

ევროპელი ხალხების წარმოდგენები ჰუნთა მეფე ატილაზე ძირითადად ლეგენდებსა და გადმოცემებს ეყრდნობა და ძალიან ცოტა აქვს საერთო ატილას ისტორიულ სახესთან. ისტორიული ატილა თითქმის არ არის ჩვენთვის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენამდე მოაღწია მისი თანამედროვეების იმდენმა გადმოცემამ და ჩანაწერმა, რამდენიც არც ერთ სხვა იმ პერიოდის ადამიანზე არ არსებობს. ატილას მითის შექმნა ჯერ კიდევ ძველ დროს დაიწყო, გაგრძელდა შუა საუკუნეებში და გრძელდება დღემდე. ატილა მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის მბრძანებელი, დიდი მებრძოლი და დამპყრობელი იყო. ჰუნების სახელი სწორედ მასთან ასოცირდება.
 ატილა ჰუნთა მომთაბარე ტომების მეთაური იყო, ამიტომ ძირითადად სწორედ მათ ტაქტიკას იყენებდა. ჰუნები შესანიშნავი მხედრები და მოისარნი გახლდნენ. ისინი თავიანთი მსუბუქი კავალერიით უახლოვდებოდნენ მოწინააღმდეგეს და ისრების წვიმას აყრიდნენ, შემდეგ დასუსტებულ და დაფანტულ მტერს გამოედევნებოდნენ, მათ რიგებს უფრო არევ-დარევდნენ და ხელჩართულ ბრძოლაში გაანადგურებდნენ. ჰუნთა მთავარი იარაღი კომპოზიტური მშვილდი იყო, თუმცა ასევე იყენებდნენ მსუბუქ შუბებს, ლასოსა და შუააზიურ მახვილებს. ლასო თოკის მარყუჟი იყო, რომელსაც მტრის ცხენოსანს ესროდნენ, ჩამოაცვამდნენ და ძირს აგდებდნენ ან ახრჩობდნენ. ზოგჯერ იყენებდნენ პატარა ფარებსაც. ჰუნები ტანს ჯაჭვის პერანგით ან ფირფიტოვანი აბჯრით იფარავდნენ, რომლის კალთების სიგრძე მეომრის სოციალური სტატუსის შესაბამისად იზრდებოდა. მხოლოდ ჰუნთა მეფეები, დიდებულები და მაღალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ კარგად აღჭურვილები.
V საუკუნის ჰუნი მეომარი, მისი უნაგირისა და აღჭურვილობის დეტალებით (მხატვარი სტივ ნუნი)

1. ატილა, 2. გოთი მეომარი 3. ბოსფორელი ტყვე (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
იმ მეომრებს, რომელთაც კონსტანტინოპოლსა და რომში დაქირავებულ ჯარში გაევლოთ სამსახური, გოთური ან რომაული აბჯარი გააჩნდათ. კომპოზიტურ მშვილდს, დამზადებულს ხის, რქისა და მყესებისგან, აღმოსავლეთში ათასწლოვანი ისტორია აქვს. მესოპოტამიაში ნაპოვნი მისი პირველი ნიმუში ძვ. წ-ის III ათასწლეულით თარიღდება. კომპოზიტურ მშვილდს, ამ მომაკვდინებელ, მძლავრ და შორს მტყორცნელ იარაღს ჰუნები შესანიშნავად იყენებდნენ და მტერს შიშის ზარს სცემდნენ. ჰუნთა მოკავშირეებს, ოსტგოთებს მეფე ვალამირი (დაახლ. 420-465) მეთაურობდა, გეპიდებს – არდარიხი. ატილას ძალები დაახლოებით ისეთივე იყო როგორიც მოწინააღმდეგისა, რადგან იორდანე აღნიშნავს, რომ აეციუსმა თავი მოუყარა ისეთ ძალებს, რითაც თანასწორად იბრძოლებდა ჰუნებთან. თუმცა ისტორიული წყაროები, მაგალითად, გოთი ისტორიკოსი იორდანე ატილას ჯარებს გადამეტებით აფასებს და ნახევარ მილიონ მეომარს ასახელებს.
ბრძოლა
აეციუსისა და ატილას არმიებს შორის ბრძოლა კატალაუნის ველზე მოხდა. ამ ადგილის ზუსტი მდებარეობა უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, კატალაუნის ველები უნდა ყოფილიყო შამპანის მხარეში, ჩრდილოეთ საფრანგეთში. ზოგიერთი ვერსიით ტრუას (Tricasis) მახლობლად, მერი-სურ-სეინთან (Mauriacum), სხვა ვერსიით სოფელ შარტრის მახლობად (Castra – ბანაკი) ან შალონ სურ-მარნთან (Duro-Catalaunum). იორდანეს მიხედვით, კატალაუნის ველის სიგრძე ასი გალური ლიე იყო, სიგანე კი სამოცდაათი. ერთი გალური ლიე კი, მისი გადმოცემით, 1500 ნაბიჯს უდრიდა. ასეთ ფართო ველებზე ბრძოლა უპირატესობას აძლევდა ჰუნებს, რომელთაც უფრო მძლავრი კავალერია ჰყავდათ და, სავარაუდოდ, მცირე რიცხობრივი უპირატესობაც გააჩნდათ. აეციუსმა მიიღო ბრძოლა. მან რომაელები მარცხენა ფლანგზე განალაგა, ალანები ცენტრში, ხოლო მარჯვნივ ვესტგოთები. ატილამ მარჯვნივ გერმანელი მოკავშირეები დააყენა, ოსტგოთები – მარცხნივ, ვესტგოთების პირისპირ, ხოლო ჰუნები – ცენტრში.
ჰუნები კატალაუნის ბრძოლაში (მხატვარი კრისტა ჰუკი)

აეციუსის მოკავშირეებმა შემაღლებები დაიკავეს. როგორც ედვარდ ჰატონი აღნიშნავს – „ყველა ხალხი, ვოლგის სანაპიროებიდან ატლანტის ოკეანამდე, შეიკრიბა შალონის დაბლობებზე". ატილამ ბრძოლა გვიან დაიწყო, რადგან, გადმოცემის მიხედვით, შამანებმა დამარცხება უწინასწარმეტყველეს, ამიტომ, თუ წარმატებას ვერ მიაღწევდა, ღამის სიბნელეში უფრო ადვილად შეძლებდა უკანდახევას. ჰუნებმა გამოიყენეს ტრადიციული ტაქტიკა – მოწინააღმდეგეს ისრების სეტყვა დააყარეს, შემდეგ კი მოკავშირეებთან ერთად ეკვეთნენ. ატილამ ძლიერი იერიში მიიტანა რომაელების ჯარზე. იორდანეს მიხედვით, მან გრძელი სიტყვა წარმოთქვა: „ამდენი ხალხის დამარცხების შემდეგ, მთელი მსოფლიოს [დამორჩილების] შემდეგ, ვფიქრობ სისულელეა წაგაქეზოთ სიტყვებით, ისე თითქოს გამოუცდელი მეომრები იყოთ. დაე ახალმა წინამძღოლმა და ახალბედა ჯარმა მიმართოს ამას. არ ეგების უბრალო სიტყვები გითხრათ, და არც თქვენ გევალებათ მათი მოსმენა. რა არის სხვა ჩვეულება თქვენთვის, თუ არა ომი? ან რა არის მამაცი კაცისათვის უფრო ტკბილი, ვიდრე შურისგება საკუთარი ხელით? ბუნების წესია, რომ სული შურისძიებით გაძღეს, ამიტომ შევუტიოთ მტერს მძვინვარედ: მუდამ უფრო გამბედავნი არიან ისინი, ვისაც იერიში მიაქვთ. შეიძულეთ ამ უღირსი ხალხების ერთობა! შიშის მაჩვენებელია თავის დაცვა ძალების გაერთიანებით; ჯერ კიდევ ჩვენს შეტევამდე ძრწოლით არიან აღვსილები. სიმაღლეებს ეძებენ, ბორცვებს იჭერენ და ნანობენ, რომ გაშლილ ველებზე უწევთ ბრძოლა. თქვენ იცით, რაოდენ სუსტია რომაელთა იარაღი: სანამ ისინი ჯერ კიდევ ჯგუფდებიან და ქმნიან „კუებს", მანამ უკუგდებულნი არიან, არ ვამბობ პირველი ჭრილობებით-მეთქი, არამედ ბრძოლის მტვრითაც კი. შეებრძოლეთ მტკიცე სულით, როგორც გჩვევიათ, მარცხი აგემეთ მათ საბრძოლო წყობას, ეკვეთეთ ალანებს, განგმირეთ ვესტგოთები! იქ იპოვება სწრაფი გამარჯვება, სადაც მძვინვარებს ომი. როდესაც მყესები გადაჭრილია, კიდურები დუნდება, ასევე არ ძალუძს დგომა სხეულს, თუკი ძვლებს გამოაცლი. დაე ამაღლდეს თქვენი სიმამაცე და თქვენი მძვინვარება აფეთქდეს. ახლა აჩვენეთ თქვენი სიბრძნე, ჰუნებო, ახლა [გამოაჩინეთ] გმირობა თქვენი იარაღისა! დაე ყველა დაჭრილი ზღვეულ იქნას მკვდარი მტრით, ხოლო უვნებელი დატკბეს მტრის ჟლეტით. ვერა იარაღი მიეკარება მას, ვისაც სწამს სიცოცხლის,
ხოლო მას, ვისაც სიკვდილის სჯერა – მშვიდობაშიც წამოეწევა ბედისწერა. და ბოლოს, რატომ მოუტანდა ბედი ამდენ გამარჯვებას ჰუნებს, თუკი არ ამზადებდა ამ ბრძოლის სიხარულისათვის? ვინ გაუმჟღავნა ჩვენს წინაპრებს გზა მეოტიდთა ზღვისკენ, მრავალი წელი დაფარული საიდუმლო რომ იყო? გარდა ამისა, ვინ დაგიმორჩილათ შეიარაღებული ხალხი, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ უიარაღოები იყავით? ხალხთა გაერთიანებულ ძალასაც კი არ შეეძლო ჰუნებთან გამკლავება. არ ვცრუობ, აი შედეგი – ველი, რომელიც გვპირდება მრავალ გამარჯვებას. პირველ ისარს მე ვესვრი მტერს. როცა ატილა იბრძვის, მხოლოდ მკვდარს ძალუძს მშვიდად ყოფნა". მეთაურის სიტყვებით გამხნევებული და ბრძოლის ჟინით შეპყრობილი ჰუნები ბრძოლაში ჩაებნენ. სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობდა ბრძოლის ყველა უბანზე. იორდანეს სიტყვებით, ბრძოლა იყო ცვალებადი, სასტიკი, არაადამიანური, შეუპოვარი.  „ეს იყო ბრძოლა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს წარსულის სიძველეებს" – წერდა იორდანე.
ბრძოლა კატალაუნის ველზე (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

ორივე მოწინააღმდეგემ დიდი დანაკარგი ნახა. თეოდორიხი თავისი ჯარის წინ იდგა და მეომრებს ამხნევებდა, როდესაც სასიკვდილოდ დაიჭრა ოსტგოთი დიდებულის, ანდაგეს ნასროლი ხელშუბით". იორდანე ასახელებს მეორე ვერსიასაც, თითქოს თეოდორიხი, როდესაც თავისი ჯარის რიგებში ცხენით დაჰქროდა და ამხნევებდა მეომრებს, ცხენიდან ჩამოვარდა და საკუთარი ჯარისკაცების ფეხით გაითელა. მიუხედავად ამისა, ვესტგოთები თორისმუნდის მეთაურობით აგრძელებდნენ მედგარ ბრძოლას და მოწინააღმდეგე უკუაგდეს კიდეც. ალანებმა ვერ გაუძლეს ჰუნების იერიშს და უკან დაიხიეს, რომაელები კი აეციუსთან ერთად თავდაცვით პოზიციაზე იდგნენ და ჰუნთა მოკავშირე გერმანელებს იგერიებდნენ. იორდანე აღნიშნავს, რომ ამ ამბის შემსწრე მოხუცების გადმოცემით, ველი სისხლით იყო მორწყული, სისხლის მდინარეები მოედინებოდა. მხოლოდ მაშინ შეწყდა ბრძოლა,
როდესაც ბნელი ღამე ჩამოწვა. ვესტგოთებმა მძლავრად შეუტიეს ჰუნებს და ატილამ ძლივს მოახერხა სიკვდილისგან თავის დახსნა. მან ბანაკისკენ დაიხია, სადაც მისმა მეომრებმა თავი შეაფარეს საკუთარი ურიკებისგან სახელდახელოდ აგებულ ბარიკადებს. მეორე დღეს ატილა მტრის შემოტევას ელოდებოდა და დამარცხების შემთხვევაში ცხენების უნაგირებისგან საგანგებოდ კოცონი ჰქონდა მომზადებული, რათა მოწინააღმდეგის შემოჭრის შემთხვევაში თავი დაეწვა და ამდენი ტომის მბრძანებელი მეფე მტრის ხელში არ ჩავარდნილიყო. აეციუსს იერიში არ წამოუწყია. იორდანეს მიხედვით, მეორე დღეს, გამთენიისას, რომაელებმა დაინახეს გვამებით მოფენილი ველი, ჰუნებს კი სიმამაცე არ ეყოთ გამოჩენილიყვნენ; ამიტომ მათ [რომაელებმა] გადაწყვიტეს, რომ გამარჯვება მათ დარჩათ, რადგან იცოდნენ, რომ ატილა მხოლოდ მაშინ გაექცეოდა ომს, თუ მართლაც მძიმე მარცხს განიცდიდა. ჯონ ბერი მიიჩნევს, რომ ატილას ლაშქრობის ბედი ბრძოლამდე გადაწყდა, მისი მარცხი განაპირობა აეციუსის სტრატეგიულმა დისპოზიციამ და არაფერი, გარდა კატალაუნის ბრძოლაში ჰუნების დამაჯერებელი გამარჯვებისა, არ შეცვლიდა საერთო სურათს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი კამპანიის მანძილზე, ატილას არ გამოუვლენია განსაკუთრებული სტრატეგიული ნიჭი. ის მოქმედებდა სწორხაზოვნად და ვერ იცნობდა მოწინააღმდეგის სავარაუდო სვლებს. ამან და აეციუსის სწორმა სტრატეგიულმა გათვლამ განაპირობა კიდეც ჰუნთა მეფის წარუმატებლობა. თორისმუნდმა, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ გოთების მეფე გახდა, რჩევა ჰკითხა აეციუსს, როგორც გამოცდილსა და კეთილშობილი გონების ადამიანს, როგორ მოქცეულიყო. აეციუსმა, რომელსაც ეშინოდა, რომ ჰუნების მთლიანად განადგურების შემდეგ გოთები რომის იმპერიას დაემუქრებოდნენ, ასეთი პასუხი მისცა თორისმუნდს: დაბრუნებულიყო თავის მიწაზე და დაუფლებოდა სამეფო ხელისუფლებას, მამისგან დატოვილს, რადგან თუ ძმები მამისეულ ხაზინას ხელში ჩაიგდებდნენ, ძალით ვეღარ დაიკავებდა ვესტგოთების სამეფოს. თორისმუნდმა მართლაც დატოვა ბანაკი და გალიაში დაბრუნდა. ასევე მოიცილა აეციუსმა ფრანკების მეფეც, შემდეგ კი ბრძოლის ველზე დიდძალი ნადავლი მოაგროვა და როგორც გამარჯვებული, სამშობლოში დაბრუნდა.
შედეგები
ორივე მხრიდან უზარმაზარი დანაკარგი იყო. იორდანეს მიხედვით, ბრძოლაში ორივე მხრიდან 165 000 მეომარი დაეცა, რომ არ ჩავთვალოთ ის 15 000 ფრანკი (რომაელთა მხრიდან) და გეპიდი (ატილას მხრიდან), რომლებიც ბრძოლის წინა ღამეს შეებნენ ერთმანეთს. საერთო დაღუპულთა რაოდენობა, რამდენჯერმეა გაზვიადებული, მაგრამ ის ნამდვილად ნათელია, რომ ასეთი ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ მართლაც ბევრი მეომარი დაიღუპებოდა ორივე მხრიდან. ალბათ ამან მოახდინა შთაბეჭდილება იმ დროის მემატიანეებზე, რომელთაც შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, კიდევ უფრო გაზარდეს რიცხვები და არ დაჯერდნენ არათუ 165 ათასს, არამედ 300 ათასსაც კი. ატილამ შეამჩნია გოთების წასვლა, მაგრამ კიდევ დიდხანს
არ დაუტოვებია ბანაკი, რადგან მტრის მხრიდან სამხედრო ხრიკს მოელოდა, როგორც საერთოდ ასეთ დროს ელოდებიან ყველაფერ მოულოდნელს. ის იძულებული გახდა დარჩენილ მეომრებთან ერთად უკან დაეხია პანონიაში და 452 წლისთვის მოემზადებინა
ახალი ლაშქრობა, ამჯერად იტალიაში. ჰუნები მართლაც შეიჭრნენ ჩრდილოეთ იტალიაში, გაძარცვეს და გადაწვეს ქალაქი აკვილეა. მათ ისე სასტიკად გაანადგურეს ეს ქალაქი, რომ მისგან კვალიც აღარ დარჩა. დააცარიელეს მედიოლანუმი. როდესაც ატილა რომისკენ დაიძრა, იორდანეს გადმოცემით, მისმა თანამებრძოლებმა გაიხსენეს მეფე ალარიხის მაგალითი, რომელმაც რომის აღების შემდეგ მცირე ხანს იცოცხლა და მალე გარდაიცვალა, ამიტომ ურჩიეს ატილას რომის დაკავებაზე ხელი აეღო. სად იყო ამ დროისთვის აეციუსი და ემზადებოდა თუ არა ის ატილასთან ბრძოლისთვის, უცნობია. საბოლოოდ ჰუნები რომაელთა მიერ გადახდილი კონტრიბუციით დაკმაყოფილდნენ და უკან დაიხიეს. მოლაპარაკებები თვით რომის პაპმა, ლეო I-მა წარმართა. რა თქმა უნდა, ატილა არ დაკმაყოფილდებოდა ამით, მის ხელში რომ უვნებელი და ძლიერი ჯარი ყოფილიყო, მაგრამ ამჯერად მის ბანაკში ეპიდემია გაჩნდა, უამრავი მეომარი იმსხვერპლა და ფაქტობრივად ხელი ააღებინა „ღვთის მათრახს" რომის წინააღმდეგ ომზე.
ლეო I-ს ელჩობა ატილასთან (რაფაელის ფრესკა, 1514 წ.)

საუკუნეების განმავლობაში ჭირის ეპიდემია უფრო შედეგიანი გამოდგა ბარბაროსთაგან იტალიის დასაცავად, ვიდრე იმპერიის არმიები. 453 წელს ჰუნთა სახელოვანი მეფე გარდაიცვალა ან მოკლა თავისმა ცოლმა, ბურგუნდმა ილდიკომ, რომელმაც თავისი სამშობლოს განადგურებისთვის შური იძია. კატალაუნის ბრძოლაში ორივე მხარემ უმძიმესი ზარალი განიცადა, მაგრამ გადამწყვეტი გამარჯვებისათვის არც ერთს არ მიუღწევია. მიუხედავად ამისა, რადგან ატილა და მისი ურდოები დასავლეთ ევროპას გაეცალნენ, ეს აეციუსის სტრატეგიულ გამარჯვებას ნიშნავდა. კატალაუნის ბრძოლა ასევე რომის იმპერიის უკანასკნელი ღირსეული გაბრძოლება და ბარბაროსთა ხანის დასაწყისი გახლდათ. ვესტგოთებს უდიდესი წვლილი მიუძღვით ჰუნების განდევნაში. ამ ხალხმა შემდეგ თავიანთი სამეფო დააარსა პირენეის ნახევარკუნძულზე. აეციუსმა შეძლო დასავლეთ იმპერიის არსებობის გახანგრძლივება ჰუნებთან ომში მიღწეული წარმატებით. თუმცა, თვითონ აეციუსი, მალევე, ატილას სიკვდილიდან ერთ წელიწადში, რომაული მახვილით დაიღუპა. იმპერატორმა ვალენტინიანე III-მ, 454 წელს, ის საკუთარი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. რომმა თავისი უდიდესი სარდალი თავისი ხელით მოიშორა. მას შემდეგ დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა გარდაუვალი გახდა და „მარადიული ქალაქი" ჯერ 455 წელს დაეცა (დაარბია ვანდალების მეფე გაიზერიხმა), შემდეგ კი 476 წელს ვესტგოთთა სარდალმა ოდოაკრმა დასავლეთ რომის იმპერიის არსებობას საბოლოოდ დაუსვა წერტილი.





ნიკა ხოფერია

სტატია წარმოდგენილია შემოკლებულად, ზოგიერთი ნაწილის, სქოლიოებისა და ლიტერატურის გარეშე ტექნიკური პრობლემების გამო. სრულად იხილეთ: 
„გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორიაში" (ნიკა ხოფერია. გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია, ტომი I. თბილისი: არტანუჯი, 2012), 78-103.