ფიზიკური ვარჯიშის კულტურა ანტიკური ხანის თითქმის ყველა ცივილიზაციაში გვხვდება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი საბერძნეთი და რომი. სხეულის სიჯანსაღე, ფიზიკური ძალა და სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში წარმატება, მნიშვნელოვან მიღწევად ითვლებოდა და დიდად დაფასებული იყო. ისეთი დიდი სპორტული ტურნირი, როგორიც ოლიმპიადაა, სწორედ ანტიკურ საბერძნეთს უკავშირდება. ოლიმპიადაზე გამარჯვებული ათლეტების სახელი მთელ ბერძნულ სამყაროში იყო ცნობილი და მაშინაც კი, როდესაც საბერძნეთი რომის იმპერიის საზღვრებში მოექცა, ოლიმპიადაზე მონაწილეობა კვლავ პოპულარული იყო. ადამიანები იძულებულებიც იყვნენ მუდამ ფიზიკურ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ, დაეუფლებოდნენ არა მხოლოდ იარაღის გამოყენებას, არამედ უიარაღოდ ბრძოლის ხელოვნებას, ჭიდაობას, კრივს. ანტიკურ საბერძნეთში მოქალაქე მეომარი იყო. ისევე როგორც რომის რესპუბლიკაში. სწორედ ამიტომ, დღემდე საკმაოდ ბევრი თხზულება, ტრაქტატი თუ სხვა სახის დოკუმენტი შემოგვრჩა, რომლებიდანაც კარგად ჩანს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდნენ ფიზიკურ ვარჯიშს ანტიკურ ხანაში, რა ვარჯიშებს, სავარჯიშო ტექნიკას იყენებდნენ, როგორ იწვრთნებოდნენ მეომრები და გლადიატორები, რით იკვებებოდნენ და ა.შ. ეს ფაქტები მეტად მნიშვნელოვანია სამხედრო ისტორიისთვისაც, ვინაიდან საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალურ დონზე წარმოვიდგინოთ ანტიკური ხანის მეომარი, მისი ფიზიკური შესაძლებლობები ბრძოლაში და ხანგრძლივი სამხედრო კამპანიის დროს.
1. ფილოსტრატუსის, III საუკუნეში მოღვაწე ბერძენი გიმნასტისა და ფილოსოფოსის თხზულების „გიმნასტიკუსის" მიხედვით, ნასვამი ან ნაბახუსევი ათლეტის ვარჯიშის ხარისხი გაცილებით დაბალი იყო, მაგრამ ის მაინც ვალდებული იყო ევარჯიშა რათა არ ამოვარდნილიყო რეგულარული სავარჯიშო რეჟიმიდან, თუმცა, შედარებით ნაკლებად უნდა დატვირთულიყო.
2. მაღალნახშირწყლოვანი დიეტის კრიტიკა ანტიკურ ხანაშიც აქტუალური იყო. ბევრი რომაელი გლადიატორი მასის გასაზრდელად ქერის სქელ, კალორიულ ფაფას მიირთმევდა, რომელსაც ოსპს უმატებდნენ. კლავდიუს გალენი (II-III სს.) - ცნობილი რომაელი ექიმი - მიიჩნევდა რომ ეს მათ სხეულს ზედმეტად ადუნებდა ბრძოლებისთვის და აკრიტიკებდა ამ პრაქტიკას.
კრეტელი მოკრივეები (დაახლ. ძვ.წ. 1500 წ.). პირველი გამოსახულება, რომელზეც კრივის ხელთათმანებია გამოსახული. |
3. ძველი ბერძენი ათლეტები ცნობილები იყვნენ იმით რომ ვარჯიშის წინ სხეულს ზეთით იპოხდნენ, რაც მათ სხეულს განსაკუთრებულ ბზინვარებას ანიჭებდა. თანადროული სწავლულები კი აღნიშნავდნენ რომ ზეთით გაპოხვით ათლეტები კანს იმკვრივებდნენ და სიცივისგან იცავდნენ თავს.
4. ანაქარსისმა (ძვ.წ. VI ს.), წარმოშობით სკვითმა ფილოსოფოსმა, რომელმაც დიდი დრო გაატარა ათენში, თავისი ხანგრძლივი მოგზაურობისას, ბერძენი მორბენლების ვარჯიშის დეტალური აღწერა დაგვიტოვა. "ისინი არ დარბოდნენ მაგარ, მყარ მიწაზე", აღნიშნავს ის, "არამედ ღრმა ქვიშაში, რომელშიც ფეხი ეფლობა და ძნელია ნაბიჯის გადადგმა". ანაქარსისი ასევე წერს, რომ ყმაწვილებს არიგებდნენ რომ „გადამხტარიყვნენ თხრილზე, თუ ეს საჭირო იყო, ან რამე სხვა დაბრკოლებაზე, თანაც სჭეროდათ სიმძიმეები, იმ ზომისა, რამდენის ტარებასაც შეძლებდნენ". სირბილში შეჯიბრი პოპულარული იყო ოლიმპიადებზე. ორსიპუს მეგარელი, რომელმაც ძვ.წ. 720 წელს, ოლიმპიადაზე გაიმარჯვა სირბილში, პავსანიასის მიხედვით, პირველი იყო, ვინც შიშველმა ირბინა, რადგან შეამჩნია რომ ასე სირბილი გაცილებით ადვილი იყო.
5. თუ თქვენი მიზანია დახვეწილი, კარგად გამოკვეთილი კუნთების გამოყვანა იმ სავარჯიშო ტექნიკის გარეშე, რომელიც „ველურ მოძრაობებს" მოიცავს, რომაელი ექიმი კლავდიუს გალენის (ზემოთ უკვე ნახსენები) რჩევაა დაკავდეთ მიწის თხრით, თოკზე ცოცვით და მკლავების გაჭიმვით, როდესაც თანამოვარჯიშე ცდილობს დაბლა დაქაჩოს ისინი.
6. სენეკა უმცროსი (I ს.), ალბათ, ფიზ-აღზრდის საშინელი მასწავლებელი იქნებოდა. რომაელი ფილოსოფოსი თვლიდა რომ ენერგიული ვარჯიში, ფაქტობრივად, უგუნურება იყო. თუ ვინმე იძულებული იყო ევარჯიშა, სენეკა უპირატესობას ანიჭებდა ხანმოკლე ვარჯიშს. „არსებობს ხანმოკლე და მარტივი ვარჯიშები, რომლებითაც შეიძლება დავღალოთ სხეული გადაჭარბების გარეშე", ის აღნიშნავადა, „როგორიცაა სირბილი, წონების ქნევა და ხტუნაობა - მაღალი თუ დაბალი... მაგრამ რაც არ უნდა გააკეთო, მალევე დაუბრუნდი სხეულიდან გონებას". გარდა ამისა, სენეკას აღიზიანებდა ხმა, რომელსაც მოვარჯიშეები, დაკუნთული მამაკაცები გამოსცემდნენ წონების აწევის დროს.
7. ძველ ბერძნებს სჯეროდათ რომ ვარჯიში და მუსიკა ერთმანეთს კარგად ეთავსებოდა, რადგან ორივე სიამოვნებას ანიჭებდა კაცისა თუ ქალის სულს. მუსიკას იყენებდნენ როგორც ვარჯიშისას, ასევე შეჯიბრებებზე. თითოეულ გიმნაზიონს სულ მცირე ერთი მესალამურე მაინც ჰყავდა. მესალამურეს ევალებოდა დაეკრა რიტმული მუსიკა რათა დახმარებოდა ათლეტებს, განსაკუთრებით გახურებისას. მუსიკა აუცილებელი იყო რათა შეექმნა რიტმი და ჰარმონია ათლეტთა მოძრაობასთან ერთად.
8. ჰალტერები ძველბერძნული ჰანტელები იყო. მას იყენებდნენ როგორც ასაწევ წონას ვარჯიშისთვის, ასევე სიგრძეზე მხტომელები, რომლებიც მისი მოქნევისა და სწრაფად გადაყრის სპეციალურ მოძრაობებს ასრულებდნენ რათა უფრო დიდ დისტანციაზე გადამხტარიყვნენ (დაახლ. 17 სმ-თი მეტზე ვიდრე ჩვეულებრივი ნახტომისას). ცნობილი ბერძენი სიგრძეზე მხტომელი იყო ქიონის სპარტელი (ძვ.წ. 656 წ.), რომელიც, გადმოცემით, 7 მ-სა და 5 სმ-ზე ხტებოდა.
9. როგორც კრივი, ჭიდაობა და პანკრატიონი, ასევე, სიმძიმეების აწევა ძველ საბერძნეთში სპორტის მეტად პოპულარული სახეობა იყო. ოლიმპიაში აღმოაჩინეს ანტიკური ხანის (ძვ.წ. VI ს.), 143 კგ-იანი ქვიშაქვა ხელის სპეციალური მოსაჭიდით. მასზე ძველბერძნული წარწერაა: „ბიბონმა ფოლას ძემ ამწია მე". ქვა ინახება ოლიმპიის არქეოლოგიურ მუზეუმში. ფიზიკური ძალას ბერძნები განსაკუთრებულად აფასებდნენ და ძლიერი ათლეტების სახელი და მათი გმირობები მთელ ბერძნულენოვან სამყაროში ქუხდა. ანტიკური წყაროების მიხედვით, ოლიმპიური თამაშების ექვსგზის ჩემპიონი ჭიდაობაში (მათგან, პირველად ყმაწვილებში), მილონ კროტონელი (სამხრეთ იტალიის ბერძნული ქალაქი) არაჩვეულებრივად ღონიერი იყო. გადმოცემით, ის დღეში 8 კილოგრამამდე ხორცს ჭამდა. შეეძლო ისე მაგრად დაეჭირა ბროწეული ხელში, რომ ვერავის დაეძრა ან წაერთმია, თანაც, ის არასდროს აზიანებდა ხილს. ზოგჯერ, ჩაეჭიდებოდა რკინის დისკოს და იწვევდა ხალხს რომ წაერთმიათ ის მისთვის. ზოგჯერ, მილონი შემდეგნაირად აჩვენებდა თავის ძალას: შუბლზე ბაწარს შემოიხვევდა და სუნთქვას იქამდე იკავებდა, სანამ შუბლის გაფართოებული სისხლძარღვები თოკს არ გაწყვეტდა. სხვა დროს, ის გაიწვდენდა ხელს, გაშლიდა თითებს და ვერავინ ახერხებდა მისი თუნდაც ნეკა თითი მოეხარა. სხვა ცნობილი ათლეტები იყვნენ ონომასტროს სმირნელი (ძვ.წ. 688 წ. პირველი გამარჯვებული კრივში ოლიმპიადაზე. ეს სპორტი სწორედ ძვ.წ. 688 წლის ოლიმპიადაზე დაემატა), დიაგორას როდოსელი (ძვ.წ. 464 წ. ოლიმპიადის გამარჯვებული კრივში); პოლიდამას სკოტუსელი (ძვ.წ. 408 წ. ოლიმპიადის გამარჯვებული პანკრატიონში); მელაკომას კარიელი (49 წ. ოლიმპიადის გამარჯვებული კრივში). ანტიკურ ხანაში კრივი უფრო სასტიკი და სისხლისმღვრელი იყო, ვიდრე დღესაა. ცნობილმა მოკრივემ, კირენელმა ევრიდამასმა მუშტი-კრივში გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ორთაბრძოლის დროს მოწინააღმდეგემ მას კბილები ჩაუმტვრია და მოკრივეც იძულებული გახდა, გადაეყლაპა ისინი (კლავდიუს ელიანე, 10.19).
სპარტელი მორბენალი გოგონას. ბერძნული სკულპტურა, ძვ.წ. VI ს. |
11. როდესაც ლაკედემონელთა (სპარტელთა) ეფოროსებმა შეიტყვეს, რომ ათენის წინააღმდეგ მოლაშქრე მათი ლაშქრის მეომრები, მას შემდეგ, რაც ერთი ქალაქი აიღეს, საღამოობით სეირნობდნენ, შეუთვალეს: „ნუ სეირნობთ!" იმიტომ, რომ, მათი აზრით, სეირნობა ფუფუნება უფრო იყო, ვიდრე სხეულის გავარჯიშება. ლაკედემონელთათვის კი ჯანმრთელობა არა სეირნობას, არამედ ვარჯიშს მოაქვს. - წერდა II-III საუკუნეებში მოღვაწე რომაელი მწერალი კლავდიუს ელიანე (კლავდიუს ელიანე, 2.5).
ეს ცნობები, რომელთა წყარო ანტიკური ისტორიული წყაროებია, გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ანტიკური ხანის ათლეტების, მათი ვარჯიშის მეთოდებისა და შესაძლებლობების შესახებ. აქ აღარ გამიმახვილებია ყურადღება მეომართა საბრძოლო წვრთნაზე სპარტას, ათენსა და სხვა ბერძნულ პოლისებში და წარმოვადგინე ცალკეული საინტერესო ფაქტების კრებული უბრალოდ ანტიკური სპორტის შესახებ. საბრძოლო წვრთნის შესახებ კი შესაძლოა ცალკე სტატიაში ვისაუბრო.
ლიტერატურა
David Potter. The victor's crown: a history of ancient sport from Homer to Byzantium (Oxford, 2011).
http://listverse.com/2013/04/14/10-greatest-ancient-athletes/
http://www.history.com/news/history-lists/7-ancient-sports-stars
http://mentalfloss.com/article/56956/11-workout-tips-ancient-civilizations
http://ebooks.grsu.by/ist_sporta/4-fizicheskaya-kultura-drevnego-rima.htm
http://www.livius.org/articles/person/philostratus/?
ნიკა ხოფერია