ანტიკური სამყაროს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ომების ისტორიას. ბერძენ-სპარსელთა ომის (ძვ.წ. 499-449 წწ.) დროიდან, ახლო აღმოსავლეთი და ევროპა მჭიდროდ დაუკავშირდა ერთმანეთს და ერთი მთლიანობის ორ პოლუსად იქცა, რომლის გაერთიანება ანუ ძველი სამყაროს დაპყრობა, ალექსანდრე მაკედონელმა შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მისი იმპერია დაიშალა, ელინისტური, ბერძნულ-მაკედონური კულტურა ფართოდ გავრცელდა მთელს აზიაში და დიდი ცვლილებები მოუტანა იქ მოსახლე ხალხებს.
ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნა, ანტიკურ ხანის ერთ-ერთი ყველაზე ქაოტური პერიოდი იყო. ალექსანდრეს ლაშქრობამ მთლიანად შეცვალა პოლიტიკური კლიმატი ახლო აღმოსავლეთში. აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენებული ბაქტრიისა და სელევკიდების სამეფოები, შემდგომში კი პართია, დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდნენ პირველობისათვის. სამხრეთ კავკასიასა და ჩრდილოეთ სირიაში, სელევკიდთა დასუსტების შემდეგ, ძალებს იკრებდა დიდი არმენიის სამეფო, მცირე აზიაში პონტო, ეგვიპტე კი მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობითა და სიმდიდრით, ხანგრძლივად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. ჩრდილოეთ აფრიკაში ფინიკიელთა ძლევამოსილი კოლონია - კართაგენი - იმყარებდა საფუძველს და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქალაქებთან ვაჭრობით მდიდრდებოდა, აარსებდა კოლონიებს ესპანეთში, იცავდა თავის პოზიციებს სიცილიაზე. იტალიაში, ქალაქი რომი ნელ-ნელა დომინანტი ძალა ხდებოდა და იარაღითა თუ დიპლომატიით, იმორჩილებდა ეტრუსკებსა და იტალიკებს, ებრძოდა გალებს და დევნიდა მათ ჩრდილოეთ იტალიიდან.
საბერძნეთი კლასიკურ ხანაში, ბერძენ-სპარსელთა ომების დროს ჯერ კიდევ ძლიერი იყო. ბერძნული პოლისები სპარტა, ათენი, თებე გაერთიანებული ძალებით აქემენიანთა მრავალრიცხოვან ლაშქარსაც ამარცხებდნენ, მაგრამ ძვ.წ. V-IV საუკუნეების მიჯნაზე, შინაომების პერიოდის შემდეგ, ისინი სისხლისაგან დაიცალნენ, დაუძლურდნენ და მაკედონიის გავლენის ქვეშ მოექცნენ და ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგაც ვეღარ აღიდგინეს უწინდელი ძლიერება. ბალკანეთზე, მაკედონიის სამეფოს გარდა, მხოლოდ ეპიროსს ჰქონდა ხანმოკლე ძლიერების ხანა მეფე პიროსის (ძვ.წ. III ს.) ზეობის ხანაში. ესპანეთში კელტ-იბერიელთა ტომები, მათგან ჩრდილოეთით კი გალები და გერმანელები ჯერაც თავისუფალნი იყვნენ და რომაელთა ბატონობა არ ეგემათ.
ელინისტური სამყარო (ძვ.წ. 240 წ.) |
საბერძნეთი კლასიკურ ხანაში, ბერძენ-სპარსელთა ომების დროს ჯერ კიდევ ძლიერი იყო. ბერძნული პოლისები სპარტა, ათენი, თებე გაერთიანებული ძალებით აქემენიანთა მრავალრიცხოვან ლაშქარსაც ამარცხებდნენ, მაგრამ ძვ.წ. V-IV საუკუნეების მიჯნაზე, შინაომების პერიოდის შემდეგ, ისინი სისხლისაგან დაიცალნენ, დაუძლურდნენ და მაკედონიის გავლენის ქვეშ მოექცნენ და ალექსანდრეს იმპერიის დაშლის შემდეგაც ვეღარ აღიდგინეს უწინდელი ძლიერება. ბალკანეთზე, მაკედონიის სამეფოს გარდა, მხოლოდ ეპიროსს ჰქონდა ხანმოკლე ძლიერების ხანა მეფე პიროსის (ძვ.წ. III ს.) ზეობის ხანაში. ესპანეთში კელტ-იბერიელთა ტომები, მათგან ჩრდილოეთით კი გალები და გერმანელები ჯერაც თავისუფალნი იყვნენ და რომაელთა ბატონობა არ ეგემათ.
რომის აღზევებისა და იმპერიად ჩამოყალიბების პროცესს - პუნიკური (ძვ.წ. 264-146 წწ.), მაკედონური (ძვ.წ. 214-148 წწ.) და სირიული (ძვ.წ. 192-188 წწ.) ომების ხანას, ისტორიოგრაფიაში პოლიბიოსის ეპოქასაც უწოდებენ, რადგან ეს მოვლენები ყველაზე ვრცლად, ბერძენ ისტორიკოსს პოლიბიოსს (დაახლ. ძვ.წ. 200-118 წწ.) აქვს აღწერილი. პოლიბიოსი მეტად საინტერესოდ წერს, თანაც ის თავადაც მეომარი იყო, მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო კამპანიაში, მაგალითად, III პუნიკური ომისას, კართაგენის აღებაში და შესაბამისად, საკმაოდ კარგად ესმოდა იმ ომების დეტალები, რომლებსაც აღწერდა. „პოლიბიოსი რომაელთა წარმატების მიზეზად ორ ფაქტორს ასახელებს - პირველი იყო კარგად დაბალანსებული პოლიტიკური კონსტიტუცია, რომელიც აძლევდა შინაგან სტაბილურობას, რაც ყველა ბერძნულ სახელმწიფოს აკლდა, მეორე კი - შესანიშნავი სამხედრო სისტემა"(1).
ანტიგონე მონოფთალმოსი. (ჯონი შუმატეს ნახატი) |
ეპირის მეფე პიროსი, ძვ.წ. III ს. (ჯონი შუმატეს ნახატი) |
ადრეული რესპუბლიკის პერიოდის რომაული საზოგადოება, მკვეთრად განსხვავდებოდა იმპერიის პერიოდის საზოგადოებისაგან. „მათთვის მხოლოდ ერთი რესპუბლიკა არსებობდა, რომლისთვისაც ყველა ზრუნავდა და ერთიანდებოდა მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად"(2)- წერს ძვ.წ. I საუკუნის რომაელი ავტორი სალუსტიუსი. „ჩვენი წინაპრები, ფიცხელი ომებით რაც არ უნდა შევიწროებულნი ყოფილიყვნენ, ცხენების, მეომრების, ფულის დამკარგავნი, არასოდეს იღლებოდნენ იარაღით ხელში ებრძოლათ თვითმპყრობელობის დასაცავად"(3) - ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ რომაელებს თავიანთი წინაპრების შესახებ. მარკუს ემილიუს ლეპიდუსი საჯარო გამოსვლის დროსაც მოუწოდებს რომაელებს დაიცვან თავისუფლება - „განა რა დავიცავით ჩვენ პიროსის, ჰანიბალის, ფილიპესა და ანტიოქოსისგან, თუ არა თავისუფლება"(4). I საუკუნის დიდი რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი კი აღნიშნავს: „მხოლოდ მოკლე დროით მყარდებოდა ერთპიროვნული დიქტატურა. დეციმვირთა ძალაუფლება ორ წელზე მეტხანს არ გრძელდებოდა. არც სამხედრო ტრიბუნთა საკონსულო ძალაუფლება გრძელდებოდა ხანგრძლივად, არც ცინას ბატონობა, არც სულასი იყო დღეგრძელი, და პომპეუსისა და კრასუსის ძლიერება მალე გადავიდა კეისრის ხელში. ლეპიდუსისა და ანტონიუსის იარაღი კი - ავგუსტუსზე, რომელმაც პრინცეპსის სახელით მიიღო სამოქალაქო ომებით ძალგამოცლილი სახელმწიფო"(5). სექსტუს იულიუს ფრონტინუსის (I ს.) თხზულება „სტრატაგემები", რომელიც ანტიკური ხანის მხედართმთავრების სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებზე მოგვითხრობს, ძირითადად სწორედ პოლიბიოსის ეპოქას ეხება. ფრონტინუსი ფაქტობრივად გვერდს უქცევს იმპერიის პერიოდის მხედართმთავრებს, თუნდაც აგრიპას, გერმანიკუსსა და სხვებს და აქცენტს აკეთებს ძველი და ადრეული რესპუბლიკის პერიოდის რომზე. მართალია მის კრებულში გვხვდება „სტრატაგემები" ბერძნებზე, მაკედონელებზე, სპარსელებზე და სხვა ხალხებზეც, მაგრამ უმეტესი ნაწილი მაინც რომის ისტორიას უჭირავს ან იმ უცხოელ სარდლებს, რომლებიც „პოლიბიოსის ეპოქაში" რომის წინააღმდეგ იბრძოდნენ, განსაკუთრებულად პიროსსა და ჰანიბალს.
„პოლიბიოსის სამყაროს" რომაელი ლეგიონერები, ძვ.წ. III-II სს. |
კართაგენელი ქვეითები. ჯონი შუმატეს ნახატი |
რომაელები ითვისებდნენ სხვა ხალხთა სამხედრო გამოცდილებას და სწავლობდნენ საკუთარ შეცდომებზე. მათ შეძლეს შეექმნათ ისეთი სამხედრო და სახელმწიფო სისტემა, რომელსაც ბადალი არ ჰქონდა მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთში. ბევრი რამ გადაიღეს ბერძენთაგანაც, თუმცა კი, ზოგიერთი რომაელი ავტორი, თუნდაც სალუსტიუსი არც ისე მაღალი წარმოდგენისა იყო მათზე და წერდა „სიქველე, სიფხიზლე და შრომისმოყვარეობა ბერძნებს არ გააჩნიათ."(6) სულმოკლე და მოღალატე ხალხად მიიჩნევდნენ „ბარბაროსებს", გალებსა და ესპანელებს, თუმცა კი მათი სამხედრო საქმიდანაც ბევრი რამ შეითვისეს რომაელებმა (7).
ზემოთ უკვე ნახსენები სალუსტიუსის თხზულების ერთი საინტერესო ფრაგმენტში, რომელშიც პონტოს მეფის მითრიდატეს წერილია მოცემული, პართიის მეფისადმი, ნაჩვენებია როგორი წარმოდგენა ჰქონდათ რომაელებისადმი უცხოელ მეფეებს - „რომაელებს მთელს ერებთან, ხალხებთან ბრძოლისათვის ერთი და იგივე ძველი მიზეზი აქვთ - ძალაუფლებისა და სიმდიდრისკენ უზომო მისწრაფება. რომაელთა ჩვეულებაა - დაამხონ ყველა სამეფო. მოვიდნენ ოდესღაც უსამშობლონი და უთვისტომონი, რათა თავიანთი არსებობით მთელი ქვეყნისათვის უბედურება მოეტანათ. მათ ხომ დასაბამიდან მოყოლებული, რაც გააჩნდათ, ძარცვით მოიპოვეს, სახლები, ცოლები, მიწები, ძალაუფლება."(8) - წერს მითრიდატე და საინტერესოა, რომ რომაელთა დაპყრობების მთავარ მიზეზად, თანამედროვე ისტორიკოსთა ნაწილიც სწორედ ამას მიიჩნევს. რომაული საზოგადოება მუდმივ, აგრესიულ სამხედრო პოლიტიკაზე იყო მიჯაჭვული. რესპუბლიკის პერიოდში, არისტოკრატი სენატორები, რომელთაც არჩევნების გზით დროებითი ძალაუფლება უვარდებოდათ ხელში, მაქსიმალურად ცდილობდნენ გამოეყენებინათ ეს შანსი კარიერულ გზაზე (Cursus Honorum) წინსვლისათვის.
განსაკუთრებით დასაფასებელი იყო სამხედრო ასპარეზზე მოპოვებული წარმატება და რომში ტრიუმფით შესვლის დამსახურება. ისეთი შემთხვევებიც კი გვაქვს, რომ კონსულებად არჩეული რომაელი მაგისტრატები, ისეთ დროსაც კი, როდესაც იმპერია საომარ მდგომარეობაში არ იყო, ცდილობდნენ მიეღოთ ისეთი პროვინცია, რომლიდანაც რომელიმე ხალხთან ომის გაჩაღებას შეძლებდა. ზოგჯერ კონსულობის მოსაპოვებლად დიდ თანხებსაც ხარჯავდნენ და ანაზღაურებას წარმატებული ომის საშუალებით აპირებდნენ (9). პონტოს მეფის წერილშივე რომაელები მოხსენებულები არიან როგორც „მზაკვრები და ვერაგული ხრიკების გამომგონებლები"(10) . მეფე ამაშიც არ ცდება, თუმცა ყველა იმპერიის შესაქმნელად, „მზაკვრობისა" და „ვერაგული ხრიკების" გამოყენებას არც ელინისტი მეფეები და მათგან უპირველესად, თვითონ მითრიდატეც არ ერიდებოდა.
რომაელი მხედართმთავრის ტრიუმფალური მსვლელობა რომში |
ჯარი, რომლითაც რესპუბლიკის გამოჩენილი სარდლები გამარჯვებებს აღწევდნენ, ლეგიონებისაგან შედგებოდა. პოლიბიოსის დროს, რომაული ლეგიონი საშუალოდ 4500 კაცისაგან შედგებოდა, მათში 300-მდე მხედარი იყო, დანარჩენები მძიმედ აღჭურვილი ქვეითები - ჰასტატები, პრინციპები, ტრიარები და ველიტები (11). ლეგიონი ტაქტიკურ საბრძოლო ერთეულებად იყოფოდა, თავდაპირველად უმთავრესად მანიპულებად, შემდგომში კი კოჰორტებად. მანიპულში ორი ცენტურია (1 ცენტურია - 80 კაცი) ერთიანდებოდა, ანუ 160 მეომარი, კოჰორტაში კი ექვსი ცენტურია შედიოდა ანუ სულ 480 ლეგიონერი. იმპერიის ზრდასთან და არმიის პროფესიონალურ სამხედრო ძალად ჩამოყალიბების შემდეგ, მანიპულები უკვე არასაკმარისი იყო დასახული ამოცანების შესასრულებლად, კოჰორტა კი მსხვილი საბრძოლო ერთეული იყო და უფრო მნიშვნელოვანი ფუნქციაც ჰქონდა. ამავე პერიოდში, ლეგიონების რიცხვიც გაიზარდა და ისინი პროვინციებშიც განლაგდნენ, რათა არ დაეშვათ ამბოხებები და საზღვრებიდან მტრულად განწყობილი ტომების თავდასხმა. ლეგიონს შეეძლო ადაპტირება ყოველგვარი ტაქტიკისა და შეიარაღების მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში და ამით ის უნივერსალური იყო.
რომაელები საზღვაო ბრძოლაში (ძვ.წ. III-II სს.), პიტერ კონოლის ნახატი |
არისტოკრატი რომაელი სარდლები, პოლიტიკოსების გარდა, პირველ რიგში მეომრებიც იყვნენ. მათ უმრავლესობას კარიერის ნაწილი სამხედრო სამსახურში ჰქონდა გატარებული. ისინი არ იღებდნენ მხედართმთავრობისათვის სპეციალურ წვრთნას და თანამდებობაზე დანიშვნას პოლიტიკური წარმატების შედეგად იღებდნენ, რაც თავისთავად, დიდწილად დამოკიდებული იყო მათ წარმომავლობასა და სიმდიდრეზე (12). რომის ისტორიის არც ერთ ეტაპზე არ არსებულა რაიმე, მსგავსი მოსამზადებელი სასწავლებლებისა მთავარსარდლებისა და მათი უფროსი ოფიცრებისათვის. ნაშრომები სამხედრო თეორიაზე ზოგიერთ პერიოდში ხშირად იწერებოდა, მაგრამ უბრალო საველე სწავლებას ოდნავ თუ აღემატებოდა (უმთავრესად აღწერდა ელინისტური ფალანგის მანევრირებას, ტაქტიკას, რაც უკვე მოძველებული და გამოუსადეგარი იყო) და ნაკლებად დეტალური იყო. ზოგიერთი რომაელი სარდალი თვითონ ეცნობოდა ასეთ ნაშრომებს, მაგრამ რასაკვირველია ეს არ იყო მეთაურობის ხელოვნების შესასწავლი საუკეთესო საშუალება. ისინი გამოცდილებას იღებდნენ და სწავლობდნენ სამხედრო საქმეს ისევე, როგორც პოლიტიკას - სხვათა მაგალითზე და სამხედრო კამპანიებში დაბალი რანგის ოფიცრებად და მეომრებად მსახურის შედეგად (13). დღეს მთავარსარდლების იმგვარად დანიშვნას, როგორც ეს რომში ხდებოდა, არაეფექტიანად და აბსურდულად მიიჩნევენ. თანამედროვე სამხედროები რომაელ სარდლებს მეტად დაბალ შეფასებას აძლევენ, უკეთეს შემთხვევაში, საშუალო დონის საველე მეთაურებად თვლიან და მიიჩნევენ რომ მათი წარმატება ძირითადად არმიის ორაგნიზებაზე, დისციპლინასა და ტაქტიკაზე იყო დამოკიდებული. რასაკვირველია იყვნენ სციპიონი და კეისარი, გაცილებით უფრო ნიჭიერები, ვიდრე ჩვეულებრივი არისტოკრატი რომაელი სარდლები, მაგრამ მათი მხედართმთავრული უნარი ინსტიქტურ გენიალობაზე იყო დამოკიდებული, რასაც სხვები ვერ გაუწევდნენ კონკურენციას (14). ყველაზე საინტერესო თხზულება, რომელიც რომაელი მხედართმთავრის მთელს კამპანიას დეტალურად აღწერს, არის გაიუს იულიუს კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ" (15). ეს არის მემუარული ნაწარმოები, რომელიც განსაკუთრებულად გამოსარჩევია რომაულ ისტორიოგრაფიაში და ერთ-ერთი საუკეთესო ძველი გალების, ბრიტებისა და გერმანელების ისტორიის შესასწავლადაც.
(1) Adrian Keith Goldsworthy, Roman Warfare (London, 2000), 42.
(2) Sallustius, Duae epistolae I; X, 8. სალუსტიუს კრისპუსი, თხზულებანი, თარგმნა გიორგი ქაჯაიამ (თბილისი, 2013), 199.
(3) Sallustius, Duae epistolae I; X, 7. თხზულებანი, 199.
(4) სალუსტიუს კრისპუსი, „მარკუს ემილიუს ლეპიდუსის სიტყვა რომაელი ხალხისადმი", 4. თხზულებანი, 168.
(5) Tacitus, Annals, I, 1.
(6) Sallustius, Duae epistolae I; IX, 3. თხზულებანი, 197.
(7) მაგალითად მახვილი – გლადიუსი ესპანელებისაგან, მუზარადი და ჯაჭვის პერანგი გალებისგან და ფარი სკუტუმიც ასევე ესპანელთაგან და გალებისგან. მოწინააღმდეგის იარაღს, რომაელები მათსავე წინააღმდეგ ბრწყინვალედ იყენებდნენ.
(8) სალუსტიუს კრისპუსი, „მითრიდატეს წერილი მეფე არშაკს", თხზულებანი, 186-188.
(9) Goldsworthy, Roman Warfare, 79-80.
(10) სალუსტიუს კრისპუსი, „მითრიდატეს წერილი მეფე არშაკს", თხზულებანი, 186.
(11) ჰასტატები – წინა ხაზზე მებრძოლები, ადრეული რესპუბლიკისას ისინი ლე-გიონერებს შორის ყველაზე ახალგაზრდა და მსუბუქად აღჭურვილი ჯარისკაცები იყვნენ; პრინციპები – უფრო მძიმედ აღჭურვილი და გამოცდილი მეომრები; ტრიარები – ვეტერანი ლეგიონერები; ველიტები – მსუბუქი ქვეითები.
(12) Goldsworthy, In the name of Rome, 15.
(13) იქვე.
(14) იქვე, 16.
(15) ქართულ ენაზე გამოცემულია თხზულების პირველი 2 წიგნი. გაიუს იულიუს კეისარი, კომენტარები გალიის ომის შესახებ, წიგნი I-II, თარგმანი და კომენტარები თეოდორა ყარალაშვილისა და ნიკა ხოფერიასი (თბილისი, 2015).
ნიკა ხოფერია
ფრაგმენტი სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემების" ქართულენოვანი თარგმანის (შესავალი: ნიკა ხოფერია, მთარგმნელები: ნიკა ხოფერია, ლევან ტავლალაშვილი) შესავლიდან.